ინფასტრქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პარლამენტში გამოსვლისას გამოეხმაურა უმრავლეობის დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას მცხეთის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით.
დიმიტრო ხუნდაძემ დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფცია არ შეესაბამება მოსახლეობის ინტერესებს. მან ასევე წარმოადგინა რუკა და თქვა, რომ გენერალური გეგმის კონცეფციის მიხედვით, მცხეთის ადმინისტრაციული ცენტრი უნდა გადავიდეს დაბა ჟინვალში.
მაია ცქიტიშვილმა გააკრიტიკა ხუნდაძის შეფასებები გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით. მან მოუწოდა დეპუტატებსა და მცხეთის მერს, რომ ამ თემაზე საუბრისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე და პასუხისმგებლობა.
„მე ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ იმ პროცესს, როდესაც facebook პოსტებით აზრების გაცვლა მიმდინარეობს, ნაცვლად იმისა, რომ ერთად შევუწყოთ ხელი დიალოგს, შევუწყოთ ხელი იმ პროცესს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ყველა ის მხარე, რომელიც არის დაინტერესებული ქალაქის განვითარებით, გამონახოს საერთო ენა, მიიყვანოს ბოლომდე გენგეგმის დამტკიცების პროცესი და სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ინტერესი და არა ხარვეზებისა და შენიშვნების გამოძებნა ამა თუ იმ დოკუმენტში.
ამდენად მე ყველა თქვენგანს მივმართავ, მივმართავ [მცხეთის] მერს, რომ გადავდოთ უთანხმოებები, გადავდოთ ჩვენი პირადი მოსაზრებები ამა თუ იმ დოკუმენტზე და გავერთიანდეთ მცხეთის გენგეგმის პროცესის დასრულებისთვის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მინისტრის თქმით, ბუნებრივია, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით არსებობდეს გარკვეული შენიშვნები, თუმცა პროცესში უნდა ჩაერთოს მოსახლეობაც, მათ უნდა მიიღონ სწორი და ობიექტური ინფორმაცია ქალაქის გენერალურ დოკუმენტთან დაკავშირებით.
მაია ცქიტიშვილი გამოეხმაურა დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, მცხეთის ადმინისტრაციული ფუნქციების ჟინვალში გადატანის თაობაზე. მისი თქმით, ხუნდაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და გენერალური გეგმის კონცეფციის მიხედვით, ეს არ იგეგმება. მისი თქმით, უნდა გამოირიცხოს დოკუმენტთან დაკავშირებით მსგავსი ინტერპრეტაციები.
„რაც შეეხება იმ რუკას, რომელიც თქვენ ჩვენ გვაჩვენეთ ბატონო დიტო, ეს არის რეალურად ადმინისტრაციული ფუნქციების, ადმინისტრაციული სერვისების ხელმისაწვდომობა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შეიძლება იყოს დამატებითი მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, რომელიც შეიძლება იყოს ჟინვალში, ან ნებისმიერ სხვა დასახლებაში, მცხეთა-მთიანეთში, როგორც მთლიანად მუნიციპალიტეტში, რა თქმა უნდა, ამას წინ არაფერი არ უდგას, მაგრამ ეს რუკა არ არის მცხეთის ადმინისტრაციის სადმე გადატანის რუკა, შესაბამისად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, გამორიცხულია ამ საკითხზე მსჯელობაც კი, ეს არ არის გათვალისწინებული ამ დოკუმენტით და კიდევ ერთხელ გთხოვდით თქვენც და თქვენს თანამოაზრეებს, ამ შემთხევაში მერს, ასევე წინა მერს, ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია დადებითი წვლილი შეიტანოს მცხეთის გენგეგმის მიღების პროცესში, არ შეუქმნათ წინასწარ ნეგატიური განწყობა მცხეთის მოსახლეობას, არამედ პირიქით, მივაწოდოთ სრული, ობიექტური ინფორმაცია და ხელი შევუწყოთ ამ პროცესს“, – თქვა მან.
უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ უკვე არაერთი განცხადება გაავრცელა მცხეთის გენერალური დოკუმენტის კონცეფციის საწინააღმდეგოდ. მან დოკუმენტზე მომუშავე ორგანიზაციას დასდო ბრალი კერძო ბიზნესების ლობირებაში, რომ ისინი არ ასახავენ ხალხის ინტერესებს. მისი თქმით, ამხანაგობა „აქოლისს“, რომელიც მცხეთის გენერალურ გეგმაზე მუშაობს, სურს, რომ ქალაქზე და მის ტურისტულ მარშრუტებზე კონტროლი დაამყაროს.
დიმიტრი ხუნდაძისა და მცხეთის მერის მიერ ბოლო პერიოდში გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა ამხანაგობა „აქლისმაც“.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათ მიერ მომზადებული გეგმის კონცეფცია მოიწონა მთავრობის მიერ შექმნილმა პროფესიულმა საბჭომ. მათი განმარტებით, საერთაშორისო გავლენიანმა ორგანიზაციებმა UNESCO-მ და ICOMOS-ის წარმომადგენლებმა კონცეფცია დადებითად შეაფასეს.
„ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ მომზადებული გენერალური გეგმის კონცეფცია მოიწონა მთავრობის მიერ შექმნილმა პროფესიულმა საბჭომ, ხოლო UNESCO-ისა და ICOMOS-ის საერთაშორისო ექსპერტები ადგილზე გაეცნენ ჯგუფის მუშაობას და განიხილეს შემუშავებული კონცეფცია, რის შედეგადაც მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით მეორე ეტაპზე მომზადებული კონცეფცია დადებითად შეაფასეს და პროექტის გაგრძელების მხარდაჭერა დაადასტურეს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
მათი თქმით, 2020 წლის 30 დეკემბერს უწყებათაშორისმა საბჭომ, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად, დოკუმენტი განსახილველად მცხეთის მუნიციპალიტეტს გადაუგზავნა.
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტმა, ნაცვლად კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შესრულებისა – გამოექვეყნებინა დოკუმენტი და საჯარო განხილვისა და ობიექტური შეფასების საგნად ექცია იგი, კონკრეტული არგუმენტების გარეშე დაიწყო ცილისმწამებლური კამპანია ამხანაგობა „აქოლისის“ მიმართ და მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფცია კონკრეტულ პირებსა და კერძო ბიზნესინტერესებზე მორგებულად გამოაცხადა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში
მცხეთის გენერალური დოკუმენტისა და მორატორიუმის საკითხს ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში გიორგი გახარია გამოეხმაურა. როგორც მაშინ პრემიერმა განაცხადა, მორატორიუმის საკითხი სწრაფად უნდა გადაწყდეს. ამის შემდეგ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომაზე პრემიერ გახარიას დიმიტრი ხუნდაძემ მორატორიუმის შესახებ დაუსვა შეკითხვა.
გიორგი გახარიამ, პარლამენტში გამოსვლის დროს, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საჭიროა მცხეთის მორატორიუმთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების შესრულება.
გახარიას თქმით, კომპრომისზე უნდა წავიდეს როგორც მოსახლეობა, ისე UNESCO და სახელმწიფო. მან აღნიშნა, რომ საკითხი მცხეთის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე უნდა გადაწყდეს.
„პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ 2021 წლის სამუშაო დღეებში, კიდევ ერთხელ უნდა დავსხდეთ… შეუძლებელია, რომ გამოსავალი ვერ ვიპოვოთ. გამოსავალი მარტივია – UNESCO-ის მემკვიდრეობის სტატუსის შენარჩუნება და მოსახლეობისთვის ჟანგბადის მიცემა. კომპრომისი უნდა იყოს როგორც მოსახლეობიდან, ასევე UNESCO-სა და სახელმწიფოსგან. ჩვენ მზად ვართ ამ კომპრომისისთვის. უბრალოდ, ამ კომპრომისის პირობები უნდა განვსაზღვროთ. ელემენტარულად იმისთვის, რომ ის დაპირება, რომელიც წინასაარჩევნოდ გავეცით, შევასრულოთ, სანამ ეს გენგეგმა დამტკიცდება“, – თქვა მან.
მორატორიუმი მცხეთაში 2015 წლის აგვისტოდანაა დაწესებული. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ მცხეთის გენერალური გეგმის შემუშავებამდე მორატორიუმი არ მოიხსნებოდა. აღნიშნული მორატორიუმით მცხეთაში, რომელიც UNESCO-ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია, შეზღუდულია ახალი მშენებლობები.