OC Media: სომხეთში თხევადი გაზის ფასი 40%-ით გაიზარდა — საქართველომ რუსეთიდან ტრანზიტი შეაფერხა

პუბლიკა

მასალა განახლდა შემოსავლების სამსახურის განცხადებით

„OC მედია“ წერს, რომ სომხეთში თხევადი გაზი ფასი 40%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველომ სომხეთში ნავთობის რუსეთიდან ტრანზიტი შეაფერხა.

გამოცემის თანახმად, საქართველო ანალოგიურად მოიქცა, როცა სომხეთიდან რუსეთში სომხური ბრენდის ექსპორტი აკრძალა.

„OC მედიას“ თანახმად, სამშაბათს, ბენზინგასამართ სადგურებზე თხევადი გაზის ფასმა ლიტრზე 170 სომხური დრამი (0.44 აშშ დოლარი) შეადგინა, რაც მკვეთრად ზრდაა წინა ფასთან შედარებით, როცა ლიტრი 120 სომხური დრამი (0.31 აშშ დოლარი) ღირდა.

თხევადი გაზი სომხეთში ტრანსპორტირებისთვის ყველაზე გავრცელებული და იაფი საწვავია.

„რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა რამდენიმე იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიის თანამშრომლის კომენტარი, რომლებმაც განაცხადეს, რომ ფასის ზრდა სწორედ საქართველოს მიერ იმპორტის შეფერხებით არის გამოწვეული.

მათი თქმით, ორშაბათის, 15 ივლისის მონაცემებით, საქართველოს საზღვარზე რვა-ცხრა დღის განმავლობაში ბენზინით დატვირთული 500-მდე სომხური სატვირთო მანქანა იყო ჩარჩენილი, რომელთაგან თითოეულს დაახლოებით 22 ტონა საწვავი გადაჰქონდა.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორქ პაპოიანმა, განაცხადა, რომ ფასები მალე ნორმალიზდება.

„მხოლოდ 14 ივლისს, საქართველოდან სომხეთში თხევადი გაზით დატვირთული 44 სატვირთო მანქანა შემოვიდა. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში [სულ] 143 მანქანა“, – დაწერა პაპოიანმა 15 ივლისს Facebook-ზე.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა 15 ივლისსვე კომენატრი მისცა სომხურ მედია news.am-ს. მისი განცხადებით, სომხეთი არ ეთანხმება რუსეთის ფედერაციის შეფასებას – რუსეთი აცხადებდა, რომ სომხური ბრენდის 85 % არ შეესაბამება რუსეთის სტანდარტებს.

„ჩვენ არ ვეთანხმებით რუსეთის ფედერაციის შეფასებას, ჩვენი ბრენდი ახლა შემოწმებულია. ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რომ საქართველოში შემოწმების შედეგად, ჩვენი ბრენდის 90 პროცენტმა დადებითი დასკვნა მიიღო და რუსეთში წავიდა”. – თქვა პოპოიანმა.

2025 წლის აპრილის მეორე ნახევრიდან სომხურ ტვირთებს საქართველოში პრობლემები ექმნებათ – მათ ინსპექციის საბაბით საზღვარზე აფერხებენ.

11 ივნისს სომხეთის საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე შექმნილი ვითარების, დაგროვილი ტვირთისა და რიგების გამო მიზანშეწონილი არ არის სომხური სატვირთო მანქანები საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდნენ.

„OC მედია“ წერს, რომ ივლისის დასაწყისისთვის სომხური ბრენდის საკითხი ჯერაც არ იყო მოგვარებული, ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის შეხვედრების მიუხედავად.

„პუბლიკამ” სომხური ტვირთის ტრანზიტისთვის დაბრკოლებების შექმნის საკითხზე შემოსავლების სამსახურს შეკითხვით მიმართა.

შემოსავლების სამსახური ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს.

„აღნიშნული არის სრული სიცრუე, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უწყების დისკრედიტაციას და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„აქვე განვმარტავთ, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, განსაკუთრებულ/აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სანტრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება. ამასთან, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან, 24 – საათიან რეჟიმში, სწრაფად განახორციელონ, როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების კონტროლის პროცედურები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედია საშუალებების მიერ, გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა (გაზპროდუქტებით დატვირთული ავტომობილები) არ ასახავს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ რეალურ ვითარებას, სადაც ხანმოკლე დროის განმავლობაში, სატვირთო ავტომობილების მიმართ, არსებობდა მცირე შეფერხება, რომელიც სრულად იქნა აღმოფხვრილი. ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ორივე მიმართულებით, 364 670 სატვირთო ავტომობილის მიმართ განხორციელდა საბაჟო ფორმალობები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საბაჟო კონტროლის პროცედურები მკაცრ  მონიტორინგს ექვემდებარება და  ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწოდებაა – ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან“, – ნათქვამია „პუბლიკისთვის“ მიწოდებულ განცხადებაში.