ოჩიგავას საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს 20 000 ევროს გადახდა დააკისრა

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა საქართველომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლი, რაც წამების დაუშვებლობას გულისხმობს და არამატერიალური ზიანის კომპენსაციის სახით აკაკი ოჩიგავასთვის 20 000 ევროს გადახდა დააკისრა. საქმე ეხება 2011-2012 წლებში პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების წამებას.

აკაკი ოჩიგავა 2011 წელს ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს და გაასამართლეს. ის სასჯელს გლდანის ციხეში იხდიდა. როგორც სასამართლო წერს, ოჩიგავას მტკიცებით, 2011 წლის ივნისიდან 2012 წლის აგვისტომდე ის იყო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ობიექტი ციხის 11 თანამშრომლის მხრიდან, რომელთა ნაწილი იქ წამყვან პოზიციებზეც მუშაობდა.

აკაკი ოჩიგავამ სტრასბურგის სასამართლოში აღწერა წამების ხერხებიც, რასაც მის წინააღმდეგ იყენებდნენ. ოჩიგავას თქმით, ციხის თანამშრომლები გამუდმებით ეძებდნენ მიზეზს, რომ ეცემათ მსჯავრდებულები, დაემტკიცებინათ თავიანთი ძალაუფლება და დაენერგათ შიში.

ოჩიგავას თქმით, მათ არ ჰქონდათ ნორმალურად საუბრის საშუალება და მხოლოდ ჩურჩულით ლაპარაკობდნენ, აკრძალული ჰქონდათ დღისით საწოლზე წოლა, მხოლოდ მასზე დაჯდომა შეეძლოთ, ეზღუდებოდათ ციხის მაღაზიით სარგებლობა და ოჯახის წევრებთან შეხვედრა. ციხის თანამშრომლები კი ხშირად შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ასევე ოჩიგავას თქმით, არსებობდა „კარანტინის პროცედურაც“, რაც ახალი პატიმრების ცემას გულისხმობს. ციხეში მოხვედრისას ისიც სასტიკად სცემა ციხის ბადრაგმა და ხელმძღვანელობამ.

ნებისმიერი სახით პროტესტისა და წინააღმდეგობის შემთხვევაში კი, მსჯავრდებულები საკანში გადაჰყავდათ, მცირე ზომის საკანში მათ დღის განმავლობაში საწოლით სარგებლობა არ შეეძლოთ და ცემენტის იატაკზე უწევდათ ჯდომა. მსჯავრდებულები ზოგჯერ კიდევ უფრო პატარა, 4 კვადრატული მეტრის ზომის საკანში გადაჰყავდათ, სადაც საწოლიც არ იყო და ცემენტის იატაკზე უწევდათ ძილი. ზოგჯერ კი დასაჯდომი ადგილიც არ იყო და დიდ ხანს ფეხზე უწევდათ დგომა.

ასევე ოჩიგავა ჰყვება, რომ მსჯავრდებულების მიმართ იყენებდნენ წამებისა და დამცირების სხვა ხერხებსაც, ახურავდნენ სპეციალურ ჩაფხუტებს, რომელში ჩაკერებულ ბურთსაც პირში ათავსებდნენ და უზღუდავდნენ საუბრის შესაძლებლობას, უზღუდავდნენ ტუალეტზე წვდომას და სხვ.

თუმცა ოჩიგავას თქმით, ციხის თანამშრომლები მას  გამორჩეულად მკაცრად ექცოდნენ, რადგან მათ მოქმედებებს აპროტესტებდა. ხოლო მას შემდეგ, რაც 2011 წლის ნოემბერში გადაწყვიტა, პრეზიდენტისთვის მიეწვდინა ხმა, ორჯერ სცემეს  განსაკუთრებული სისასტიკით. ცემის შემდეგ ოჩიგავას თქმით, ხერხემალი დაუზიანდა და გადაადგილების უნარი დაკარგა. ის 2014 წელს გაათავისუფლეს და დღეს შშმ პირია.

ამ ინციდენტზე შიდაგამოძიება დაიწყო, თუმცა ოჩიგავას თქმით, ის აწამეს და აიძულეს ხელი მოეწერა, თითქოს დაზიანებები საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღო. შემდეგ კი საკანში დააბრუნეს სათანადო მკურნალობის გარეშე.

ოჩიგავას თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მან არასათანადო მოპყრობის შესახებ საჯაროდ განაცხადა და წამების ფაქტები მის საქმეზე დანიშნულ პროკურორს მოუთხრო. თუმცა ოჩიგავამ დაზარალებულის სტატუსი 2017 წლამდე ვერ მიიღო. ოჩიგავას ინტერესების დამცველები კი პროკურატურის ქვედა რგოლს უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. ამასთან, პროკურორმა დანიშნა მისი სამედიცინო გამოკვლევა, მაგრამ სამედიცინო დასკვნა არ დადებულა.

ოჩიგავა წლების განმავლობაში მოითხოვდა ინფორმაციას პროკურატურისგან, მაგრამ იმის გამო, რომ დაზარალებულის სტატუსი არ ჰქონდა, მისი მიღება უჭირდა. საქმის მსვლელობისას გამოიკითხნენ მისი თანასაკნელებიც, რომლებმაც ოჩიგავას მიმართ არასათანადო მოპყრობა დაადასტურეს.

ამის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ისტორია აჩვენებდა ოჩიგავას ჯანმრთელობის მდგომარეობის ციხეში გაუარესებას, მან ვერ დაადასტურა, რომ ეს მისდამი არასათანადო მოპყრობის შედეგი იყო. ოჩიგავამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ სააპელაციო და უზენაესმა სასამართლომაც დაადასტურეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ამის პარალელურად, საქმე აღიძრა გლდანის ციხის 7 თანამშრომლის მიმართ, რომლებიც, ოჩიგავას თქმით, მის ცემაშიც მონაწილეობდნენ. სასამართლომ ყველა მათგანი გაამტყუნა და საბოლოოდ, 2019 წელს მათ 3-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, იმის მიხედვით, თუ ვინ უფრო მძიმედ და სისტემატურად იყო ჩართული არასათანადო მოპყრობის ფაქტებში.

სტრასბურგის სასამართლომ მიმოიხილა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების ანგარიშები იმ პერიოდში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის სისტემურ ფაქტებზე. ასევე მიიჩნია, რომ ოჩიგავას საქმეზე პროკურატურამ დაუსაბუთებელი პასიურობა გამოიჩინა.

ხოლო იმის მიუხედავად, რომ მის ცემაში მონაწილე თანამშრომლები სასამართლომ გაამტყუნა, ოჩიგავას ჯანმრთელობის დაზიანების გამო არ მიუღია არანაირი კომპენსაცია. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის პოზიცია, რომ ის მის მიმართ არასათანადო მოპყრობაში იმ 7 თანამშრომლის გარდა, სხვებსაც ასახელებდა, გამოძიებამ კი ამაზე თვალი დახუჭა.

ამის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მესამე მუხლის დარღვევა, როგორც არსებით, ისე პროცედურულ ნაწილში და დააკმაყოფილა ოჩიგავას მოთხოვნა, რომ კომპენსაციის სახით 20 000 ევრო მიიღოს.