NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 42%-მა დაასახელა პარტია, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. უმრავლესობას კვლავ ვერ გადაუწყვეტია.
მათ შორის, ვინც პოლიტიკური პარტია დაასახელა, პარტიების მხარდაჭერის მაჩვენებელი შემდეგია:
- „ქართული ოცნება“ – 24%;
- ენმ – 9%;
- სხვა – 8%;
- არც ერთი პარტია+არ ვიცი+უარი პასუხზე – 58%.
2021 წლის წინა თვეებში ჩატარებული გამოკითხვების შედეგებთან შედარებით „ქართული ოცნების“ მაჩვენებელი გაიზარდა.
ამავე შეკითხვაზე პასუხად მმართველი პარტია 2021 წლის ივლისში 18%-მა, ხოლო თებერვალში 23%-მა დაასახელა.
ასევე გაზრდილია „ნაციონალური მოძრაობის“ მაჩვენებელიც, რომელიც ივლისში 6%, ხოლო თებერვალში 7% იყო.
კვლევა საზოგადოების განწყობის შესახებ ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ.
საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
ჯამში ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა შეკითხვის მიხედვით.
კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).