„ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში მორიგ რეპრესიულ ცვლილებებს აანონსებს.
ცვლილებების შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც მდინარაძემ თქვა, არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გამკაცრდება და ბრიფინგზე მხოლოდ ცვლილებათა ძირითადი ნაწილი წარმოადგინა.
ცვლილებათა პაკეტი ამ დროისთვის პარლამენტის ვებგვერდზე დარეგისტრირებული არაა.
ცვლილებები საპარლამენტო განხილვების შემდგომ ამოქმედდება.
„მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები პირველ რიგში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მათ შორის მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება.
წვრილმანი ხულიგნობისათვის, ვანდალიზმისათვის, სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და მათი შეურაცხყოფისათვის სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისათვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისათვის ჯარიმები იზრდება და ასევე, 60 დღემდე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება.
სისხლის სამართლის კოდექსშიც გექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით, კერძოდ, ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება, აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, არსებული ცვლილებებით ამ ქმედებისათვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით.
იზრდება სისხლისსამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისათვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში 5-დან 6 წლამდე.
ასევე მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში, ეს კონკრეტული გარემოებები გადადის დამამძიმებელ გარემოებებში და იქნება ამაზე შედარებით მკაცრი სანქცია როგორც დამამძიმებელ გარემოებებზე.
სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც, სისხლის სამართლის წესით დაისჯება, ეს ახალი ნორმა იქნება, პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.