„ოცნება“ აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი კახა კალაძეს მხარდაჭრას უცხადებს

პუბლიკა

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას კახა კალაძეს უცხადებს. მხარდაჭერის ამსახველ ვიდეომიმართვას პარტია „ქართული ოცნება“ აქვეყნებს.

„მინდა, მხარი დავუჭირო ძალიან პროფესიონალ, შრომისმოყვარე ადამიანს, ძალიან კარგ პიროვნებას და ძალიან ღირსეულ სპორტსმენს. წარმატებები, კახი!”, – აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილი ვიდეომიმართვაში. 


ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე 2020 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობისთვის წარედგინა. პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა, მაგრამ სასამართლომ ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი როგორც ნეკა დოროყაშვილი, ასევე მათი მცირეწლოვანი შვილიც. საქმეშია 6 შემაკავებელი ორდერიც, რომელიც ბასილაშვილისა და მისი მშობლების მიმართ გამოწერა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქალაქო სასამართლომ კი ექვსივე ორდერი ძალაში დატოვა. ბასილაშვილის დაცვის მხარეს ორდერები სააპელაციო სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.

ჩოგბურთელის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარეობს ასევე ქონებრივი დავაც. ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.