„ოცნება" არ შეუერთდა რეზოლუციას, რომლითაც პუტინის არალეგიტიმურად ცნობაა მოთხოვნილი

პუბლიკა

„ქართული ოცნების” ხელისუფლება არ შეუერთდა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომლითაც ვლადიმირ პუტინის არალეგიტიმურად ცნობაა მოთხოვნილი იმ შემთხვევაში, თუ ის ძალაუფლებას 2024 წლის არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნებს.

PACE-ში „ქართული ოცნების” დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მას და მის თანაგუნდელებს სხვა, „უფრო პრიორიტეტული საქმეები ჰქონდათ, რის გამოც ვერ მოახერხეს სტრასბურგში ჩასვლა”.

„გვქონდა სხვადასხვა ვალდებულებები, მათ შორის, ნატოს საპარლამენტო ანსამბლეა დაემთხვა, მათ შორის, პოლონეთში არჩევნები და იქ იმყოფებიან ჩვენი წარმომადგენლები და მე კიდევ სხვა ვალდებულებები მქონდა, რომელიც აქ მაქვს. ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტების თქვენთან შეთანხმებას არ ვაპირებ”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეკითხვაზე, არის თუ არა რუსეთი დიქტატურა, ჩიქოვანმა განაცხადა, რომ რუსეთს „დემოკრატიის სრულფასოვან მოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს”.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მმართველი პარტია PACE-ს რეზოლუციას მხარს არ უჭერს – 2022 წლის ოქტომბერში ისინი არ შეუერთდნენ მოწოდებას, რომლითაც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ ცნობა იყო მოთხოვნილი.