„ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანას „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების არგაზიარებას უკავშირებს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებულ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში ბიძინა ივანიშვილის შეყვანა საერთაშორისო პოლიტიკური აქტორების მხრიდან შერჩევითი შეფასებებისა და პოლიტიკური ინტერესების რეალობაზე მაღლა დაყენების მაგალითია.

კირცხალიას მტკიცებით, საქართველო დღეს მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიის თვალსაზრისით მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა. მისი თქმით, ქვეყანაში მედიაგარემო პლურალისტურია და სხვადასხვა მედიასაშუალებას ხელისუფლების მწვავედ კრიტიკისა და მის წინააღმდეგ ბრალდებების გამოთქმის შესაძლებლობა აქვს.

კირცხალიას თქმით, ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა იმ ფასის ნაწილია, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე საქართველოს მშვიდობის, ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დასაცავად იხდის. კირცხალია აცხადებს, რომ ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს არ თმობს ე.წ. „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების სასარგებლოდ, რათა საქართველო კვლავ არ იქცეს დიდ პოლიტიკურ დაპირისპირებაში „მსხვერპლად შეწირულ ფიგურად“.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა სხვა არაფერია, თუ არა საზღაური, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, საქართველოში ყველაზე დიდი პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური ავტორიტეტის მქონე ფიგურა, პირადი, მაღალი რისკის ფასად იხდის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ეროვნულ ინტერესს და სუვერენიტეტს – გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს დიდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე“, – განაცხადა კირცხალიამ.

ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებლების სიაში” წელსაც მოხვდა. ის ამ სიაში 2025 წელსაც იყო.

ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2026 წელს ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ მოქმედი 33 „პრესის თავისუფლების მტაცებლის“ სია შეადგინა.