„ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესს საკუთარ ინტერესს არგებს - ISFED

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს კანონპროექტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილების შესახებ, რომლის მიღების შემთხვევაშიც, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების კანდიდატებს, პრეზიდენტის ნაცვლად შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მმართველი პარტია ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესს საკუთარ ინტერესებს არგებს.

ISFED-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტში წარმოდგენილი ცვლილებები უფრო მეტად შეამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და უკიდურესად დააკნინებს პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში.

„საარჩევნო ადმინისტრაციის კონსენსუსის წესით არჩევა, ასევე მნიშვნელოვანი წინაპირობაა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტშიც. ამასთანავე, ინიციატივა სრულიად ეწინააღმდეგება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, ვენეციის კომისიის/ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი 12 პირობიდან ერთ-ერთს “ – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ იმასაც, რომ წარმოდგენილი ცვლილებები არ პასუხობს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი არსებულ უმთავრეს გამოწვევას – ნდობის ნაკლებობას და ეწინააღმდეგება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შესახებ აქამდე არსებულ ფუნდამენტურ შეთანხმებას, მმართველი პარტიის მიერ აღებულ ვალდებულებებსა და კომპეტენტური ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს.

„ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების მაღალი კვორუმით, პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე არჩევა წარმოადგენდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით 2021 წლის 19 აპრილს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების ერთ-ერთ ძირითად საკითხს.

გარდა ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის, დამოუკიდებლობის ნაკლებობის საკითხი ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა.

ამ ინსტიტუტების რეკომენდაციების გათვალისწინება კი ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის წარდგენილი 12 პირობიდან ერთ-ერთია. წარმოდგენილი კანონპროექტი აგრძელებს მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების სრული კონცენტრაციის ტენდენციას, აძლევს მას ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის შეუზღუდავ უფლებამოსილებას. ამავდროულად, გამორიცხავს პრეზიდენტის რეალურ მონაწილეობას ცესკოს დაკომპლექტებაში და მას უტოვებს უმნიშვნელო როლს, რათა კონსტიტუცია ფორმალურად არ იქნეს დარღვეული“ – აღნიშნულია განცხადებაში.