„ქართული ოცნება“ პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებებს გეგმავს, თანაც დაჩქარებული წესით.
ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
მას არ უთქვამს, კონკრეტულად რას მოიცავს აღნიშნული ცვლილებები.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ცვლის გენერალური პროკურორობის კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენისა და მისი თანამდებობაზე განწესების წესებსა და პროცედურას.
პროექტის თანახმად, საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებული პროცესი ერთი კვირის ვადაში დასრულდება.
ამასთან, გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და სამართლის დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების საჭირო აღარ იქნება.
გენერალური პროკურორობის კანდიდატის დასახელების უფლება საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ექნება.
გენერალური პროკურორის პოსტი რამდენიმე დღეა, ვაკანტურია – 4 ივნისს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი გაბიტაშვილს, რომელიც გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად წარადგენს, ხოლო 2022 წელს 7 წლის ვადით არჩეული ცოტნე ყაველაშვილი ფინანსთა სამინისტროში დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ მინისტრის მე-6 მოადგილე გახდა.
გაბიტაშვილს მთავარ აუდიტორად „ქართული ოცნების“ პარლამენტი მიმდინარე კვირას დაამტკიცებს.