„ოცნება" ჰომოფობიური კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო განხილვისთვის ემზადება

პუბლიკა

დღეს, 4 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განისაზღვრა, რომ ჰომოფობიური კანონპროექტი გადაეცა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად და საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის შექმნისთვის დადგენილების პროექტის მოსამზადებლად.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიმართა ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს, დაასახელონ კომისიაში თითო წევრი.

მისი განმარტებით, რეგლამენტით გათვალისწინებული წესით, კომისიის ნახევარს საპარლამენტო უმრავლესობა უნდა წარმოადგენდეს, ნახევარს – კი ოპოზიცია, თუმცა თუ ოპოზიციას საკმარისი წარმომადგენლები არ ეყოლება, შესაძლებელია, ეს ბალანსი არ იყოს დაცული.

საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია რეგიონებში შეხვედრებს გამართავს და საზოგადოებას კანონპროექტს გააცნობს. შალვა პაპუაშვილის თქმით, კომიტეტს ერთი კვირა აქვს ხელმოწერების გადასამოწმებლად და დადგენილების პროექტის მოსამზადებლად, რასაც მომდევნო სასესიო კვირაში განიხილავენ და შექმნიან კომისიას.

კომისიას ექნება ერთი თვე შეხვედრების ჩასატარებლად. კომისია პარლამენტს მოახსენებს შეხვედრების შედეგებს, საკანონმდებლო ორგანო კი კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვას დაიწყებს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა:

„თქვენ კარგად იცით საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის პროცესის ვადები, ასევე ის, რომ არჩევნები ოქტომბერშია, ის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გაქვთ. იცით, რომ ამ საკითხის პარლამენტში მოსმენა სამივე მოსმენით შეუძლებელია.

მაინტერესებს, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის ნარატივი იქნება ეს „ოცნების“, ვითომ ბავშვთა უფლებების დაცვა, როდესაც ბავშვთა უფლებებში არსებობს რეალური სხვა პრობლემები, რომელზეც თქვენ არ ლაპარაკობთ, არც სთავაზობთ ოჯახებს ამ პრობლემების მოგვარებას, ბავშვებზე რომ ზრუნავდეთ, აქამდე სკოლაში ბავშვთა კვებაზე გექნებოდათ პასუხი, სხვა მრავალ პრობლემაზე; აპირებთ თუ არა წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას საყოველთაო სახალხო განხილვებზე იმისთვის, რომ ირიბად შექმნათ წინაპირობა კამპანიაში ამ საკითხით მანიპულირებისა? საინტერესო იქნებოდა ცესკოს და სადამკვირვებლო ორგანიზაციების ყურადღებაც ამ საკითხზე, იმიტომ, რომ ეს იქნება თქვენი მთავარი საარჩევნო დაპირება, ისევე როგორც რუსული კანონი – შეგიძლიათ, მიკროფონი გამითიშოთ“ – მიმართა აქუბარდიამ პაპუაშვილს.

აქუბარდიას საპასუხოდ უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლებიც არიან მიწვეულნი და მათთან ერთად წინასაარჩევნო კამპანია ვერ მოხერხდება, რადგან ოპოზიციას ექნება საშუალება, ოპონირება გაუწიოს უმრავლესობას პოტენციურ ამომრჩეველთან.

კონსტიტუციური კანონის პროექტი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ და მასთან ერთად კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ პარლამენტში 3 აპრილს დარეგისტრირდა.