შალვა პაპუაშვილის თქმით, დღეს გამოითხოვენ პარტიების აკრძალვაზე ძველ სარჩელს და სასამართლოს მიმართავენ ახალი სარჩელით, რომელშიც გაზრდილი იქნება პარტიების ჩამონათვალი, კერძოდ ჩაემატება პარტია „ფედერალისტები“.
„დღეს მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი სარჩელით, ამავე დროს, გამოვითხოვთ ძველ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით გვქონდა და მივმართავთ, ახალი დაკორექტირებული ახალი კონსტიტუციური სარჩელით, რომელშიც გავზრდით პარტიების ჩამონათვალს, კერძოთ, თუკი თავდაპირველ კონსტიტუციურ სარჩელში იყო სამი პარტია: „ნაციონალური მოძრაობა”, „კოალიცია ცვლილებებისთვის” და „ლელო”, ახალ კონსტიტუციურ სარჩელში ამ სამ პარტიასთან ერთად იქნება „ფედერალისტური პარტია”” – განაცხადა პაპუაშვილმა მედიასთან.
პაპუაშვილის თქმით, ამის მიზეზია 2 მარტს „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია.
„2 მარტს მოწერილი დეკლარაციით, რამდენიმე პარტიამ გაიზიარა ის სტრატეგიული ამოცანები, რომლებიც მათ აქვთ, გაერთიანდნენ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებთან და ამით გაიზიარეს სტრატეგიული მიზნები, განაცხადეს მათი ამოცანა, რომ მოხდეს არჩევნების დელეგიტიმაცია, რომ მოხდეს კონსტიტუციური ორგანოების ურთიერთარაღიარება და ა.შ. აქედან გამომდინარე, აქამდე არსებულ სამ პარტიას, ჩვენ კონსტიტუციური სარჩელით ვამატებთ „ფედერალისტების” პარტიას. რა თქმა უნდა, ამ ალიანსში არიან სხვა პარტიები, თუმცა ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ერთი მხრივ ვუყურებთ, რამდენად ანტიკონსტიტუციური მიზნები აქვთ ამა თუ იმ პარტიას, მეორე მხრივ ვუყურებთ, რამდენად არსებითია მათი გავლენა პოლიტიკაზე“, – თქვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ალიანსის ლიდერები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია.
„სწორედ ეს ლიდერები: სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია გახდნენ ისინი, ვინც სიძულვილის ენა, ზიზღის ენა აქცია პოლიტიკური დაპირისპირების თუ გარჩევის ტერმინებად” – აღნიშნა პაპუაშვილმა.
საკონსტიტუციო სარჩელის შესაძლო კორექტირებაზე ირაკლი კობახიძემ 9 მარტს განაცხადა. „ქართული ოცნების“ ეს რეაქცია მოჰყვა 2 მარტს 9 პარტიის მიერ შექმნილ „ოპოზიციის ალიანსს“.
ოპოზიციის ალიანსში გაერთიანდნენ პარტიები: „ახალი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი-ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“ და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“. პარტიები აცხადებენ, რომ შეთანხმების მიზანია ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
2025 წლის 31 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სარჩელი დაარეგისტრირა. სარჩელის ავტორები მოითხოვენ, აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“ და „ლელო“ – სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, „ზემოაღნიშნული პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“.