„ოცნებამ“ ჟურნალისტის პროფესიას ღირსეული განვითარების შესაძლებლობა მისცა - პაპუაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიის თანამშრომლებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს.

გავრცელებულ განცხადებაში შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისუფალი მედიასივრცე შექმნა და ჟურნალისტის პროფესიას ღირსეული განვითარების შესაძლებლობა მისცა.

„ინფორმაციის სწრაფი და ობიექტური გავრცელება მნიშვნელოვნად განაპირობებს ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და ქვეყნის პროგრესს. ჟურნალისტის პროფესია არის უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე, რომლის გარეშე ჩვენც ვერ შევძლებდით საკუთარი სათქმელის მიტანას მოქალაქეებამდე.

ვულოცავ ყველა ჟურნალისტს და მედიაში ჩართულ პირს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ პროფესიას და ქვეყანას და თავისი წვლილი შეაქვს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში“, – წერია განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილი ავტორია იმ ბრძანების, რომელმაც პარლამენტში მედის მუშაობის ახალი წესი განსაზღვრა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მედიაზე მომუშავე ორგანიზაცები ამ წესს აკრიტიკებენ და პაპუაშვილს მისი გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

აღნიშნული ბრძანებით განისაზღვრა მედიის წარმომადგენლის ქცევის სხვადასხვა წესი, მათ შორის, ჟურნალისტი ვალდებული გახდა, პასუხზე უარის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ. წესების დარღვევა ითვალისწინებს აკრედიტაციის შეჩერებას ერთი თვით, განმეორების შემთხვევაში კი ექვსი თვის ვადით. ამ წესის მიხედვით უკვე დაასანქცირეს „ფორმულას“, „მთავარის“ და „TV პირველის“ გადამღები ჯგუფები.

 

LB image desktop LB image mobile