„ოცნებამ“ „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჩივარი შეიტანა

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ“ „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჩივარი შეიტანა – პარტიამ ტელეკომპანიებს ისეთი ფრაზების გამოყენების გამო უჩივლა, როგორებიცაა „არალეგიტიმური პარლამენტი”, „ოლიგარქის რეჟიმი”, „რეჟიმის პატიმრები”, „არალეგიტიმური ხელისუფლება”, „კლანის სასამართლო“ და ა.შ.

„ფორმულას” ცნობით, „ქართული ოცნება” „მაუწყებლობის შესახებ” კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება” და მოითხოვს, კანონით განსაზღვრული ახალი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს ფორმულას და ამოქმედდეს სანქცირების აღსრულების დროებითი წესი.

„ფორმულა” წერს, რომ საჩივარში, რომელიც ტელევიზიამ დღეს მიიღო, მოცმულია ნაწყვეტები და ამონარიდები არხის, როგორც საინფორმაციო გამოშვებებიდან, ასევე სოციალური გვერდებიდან, რომლებშიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რწმუნებით, დარღვეულია კანონის ნორმები.

„დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების საჩივარი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა განიხილოს და დაადგინოს, დაარღვია თუ არა ფორმულამ კანონი.

„საჩივრის საფუძველია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები”, – წერია დოკუმენტში.

კერძოდ, მოცემულია ტერმინები, რომლებიც ხაზს უსვამს ქართული ოცნების პარლამენტს, სხვადასხვა თანამდებობის პირებისა თუ ინსტიტუტების არალეგიტიმურობასა და პოლიტიკურ მიკერძოებას: „არალეგიტიმური პარლამენტი”, „ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე”, „ოლიგარქის დეპუტატი”, „რეჟიმის საქალაქო სასამართლო”.

განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა „ქართული ოცნების” მთავრობის “რეჟიმად მოხსენიებას”. საჩივარში მრავალჯერ მოიცავს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „რეჟიმის პატიმარი,” რეჟიმის წარმომადგენელი” და ა.შ.

„ქართული ოცნება ფორმულას ბიძინა ივანიშვილის “ოლიგარქად” მოხსენიების გამოც უჩივის”, – ნათქვამია „ფორმულას” ინფორმაციაში.

რაც შეეხება „ტვ პირველის“ წინააღმდეგ საჩივარს, ადვოკატის განცხადებით, საჩივარში აღნიშნულია, რომ „ტვ პირველის ჟურნალისტს არ უნდა გამოეყენებინა ტერმინები: „რეჟიმი”, „გარუსება”, „კლანის სასამართლო“ და ა.შ.

„ეს არის კიდევ ერთი რეპრესირების სერიის დასაწყისი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.

ტელეკომპანიის რამდენჯერმე დაჯარიმება და ფინანსური სანქცია ქმნის რეალურ რისკს მაუწყებლობის შეჩერების.

საჩივრის განხილვა საჯაროდ ხუთშაბათს, მარეგულირებელ კომისიაში გაიმართება”, – წერს თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ გარდა კანონით დაპირისპირებისა, „ქართული ოცნება” სარეკლამო ბაზარსაც უტევს.

„მათ წელს სარეკლამო ბაზარზეც მიიტანეს იერიში. იმ კომპანიების დიდმა ნაწილმა, რომლებიც „ტვ პირველის” ეთერში თავიანთ რეკლამას ათავსებდნენ, არხთან თანამშრომლობა გაწყვიტა.

მსხვილმა ქართულმა ბრენდმა, რომელთანაც 31 დეკემბრამდე გვქონდა კონტრაქტი, შუაში გაწყვიტა. გასაგებია, რომ ამ სქემის ამოქმედებაც დაიწყეს, გარდა პირდაპირი ფინანსური წნეხისა. იმის ფონზე, რომ „ტვ პირველის” ყურებადობა მზარდია და ახლა რეიტინგის ისტორიულ მაქსიმუმზე ვართ, რატომ შეიძლება პარტნიორს არ უნდოდეს რეკლამის განთავსება?

ხვალ გავიგებთ, როგორ აპირებენ კანონის აღსრულებას და მერე უკვე ჩვენც უნდა მოვძებნოთ გზები, როგორ უნდა ვიმაუწყებლოთ ისე, რომ მაყურებელს მოვუყვეთ რეალობა და დავიცვათ ჩვენი ტელევიზიაც”, – თქვა მელაძემ.


„ქართული ოცნების“ პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები 1 აპრილს მიიღო. ამ ცვლილებებით მაუწყებლების დაფინანსებისა და მუშაობის სტანდარტები დარეგულირდება.

დაფინანსების აკრძალვა „უცხოური ძალისგან“ მიღებულ პირდაპირ და ირიბ დაფინანსებას უკავშირდება, ხოლო მუშაობის სტანდარტებთან დაკავშირებით, „ოცნება“ ამტკიცებს, რომ დანერგავენ ე.წ. ბრიტანულ მოდელს, რომლითაც ხარისხიანი და ობიექტური ინფორმაცია იქნება უზრუნველყოფილი. საკითხები, რომლებიც მედიის თვითრეგულირების მექანიზმს ექვემდებარებოდა, კანონის რეგულირების სფეროში გადადის.

საკითხები, რომელიც მაუწყებლის ქცევის კოდექსით იყო განსაზღვრული, „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ჩაიწერა.