დღეს საქართველოს პარლამენტში სასამართლო რეფორმების საკითხზე სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიართება. შეხვედრაზე დასწრებას არ აპირებენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრისა“ და საიას წარმომადგენლები.
„მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან გაუმჭვირვალე პროცესი შექმნა და მხოლოდ ორ სამოქალაქო ორგანიზაციას მოგვცა ჯგუფის წევრობის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს ამ დრომდე არ წარმოუდგენია მართლმსაჯულების რეფორმის მისეული ხედვა, თვითონ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზეც ყველა ჩვენი ძირითადი რეკომენდაცია ან იგნორირებული, ან უარყოფილი იყო, ჩვენც და საიაც სრულად ვაგრძელებდით ამ პროცესებში მონაწილეობას.
დღეს ამ ჯგუფის მესამე შეხვედრა იმართება თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ და არც ჩვენ და არც საია მასზე დასწრებას არ ვაპირებთ”, – წერს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი გურო იმნაძე.
როგირც ის ამბობს, ამის მიზეზია, რომ მმართველმა გუნდმა საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფში ISFED-ის მონაწილეობა დაბლოკა მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზაფხულში გამართულ აქციებში მონაწილეობდა.
„ISFED-ის დაბლოკვა არაა მხოლოდ ერთი კონკრეტული ორგანიზაციის გაშავება. ეს არის მმართველი გუნდის მხრიდან ძალის დემონსტრირება, რომ ვისაც უნდა და როცა უნდა, მას ჩახსნის სამუშაო პროცესებიდან. ეს არაა დემოკრატიული, თანასწორობაზე და ჩართულობაზე მიმართული დამოკიდებულება და ასეთი მიდგომებით წარმართულ პროცესში ჩვენს ადგილს ნამდვილად ვერ ვხედავ”, – ამბობს გურო იმნაძე.
სამუშაო ჯგუფს ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობს. როგორც მან დღეს ჟურნალისტებს უთხრა, დაახლოებით 30 საკითხია იდენტიფიცირებული, რომელიც სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან არის დასმული. მისივე თქმით, პროცესი მაქსიმალურად გახსნილია.
„პროცესი მაქსიმალურად გახსნილია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ცვლილებები დაეფუძნოს განვითარებულ, სამართლებრივ მიდგომებს. ცდების დრო არ გვაქვს. ჩვენი მიზანია, ცვლილებები საუკეთესო საერთაშორისო მოდელზე დაყრდნობით“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
18 აგვისტოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს.