„ოცნებამ" ღარიბაშვილი თავმჯდომარედ აირჩია, კობახიძე — პრემიერობის კანდიდატად წარადგინა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურად აირჩიეს, მან კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა. კობახიძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

„მინდა, სიმბოლურად გთხოვოთ ყველას, რომ გამოუცხადოთ მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. ყრილობისგან აქვს სრული ლეგიტიმაცია და მანდატი მინიჭებული ირაკლი კობახიძეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ პრემიერობის კანდიდატად მისი დასახელებისთვის მადლობა გადაუხადა „ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას. გასულ წლებში გუნდის თითოეულმა წევრმა ჩადო თავისი წილი ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას – ის, რომ დღეს საქართველოს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. განსაკუთრებული მადლობა პარტიის დამფუძნებელს ამისათვის!

გამოცხადებული ნდობისთვის ასევე მადლობას გადავუხდი ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამწლიანი უაღრესად წარმატებული მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე , რამაც ჩვენს ქვეყანას უპრეცედენტო წარმატება მოუტანა, უღრმესი მადლობა თქვენ. მადლობა პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თითოეულ წევრს, ყრილობის ყველა დელეგატს“, – განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რომ მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით გუნდში საუბარი ჰქონდა და მან მთავრობის ყველა წევრს დარჩენა შესთავაზა.

კობახიძის თქმით, პოსტზე დარჩენა არ მოისურვა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის მინისტრმა. მას პარლამენტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.