„ოცნებამ" კვორუმი ისევ ჩააგდო | სასამართლოზე დროებით საგამოძიებო კომისიას კენჭი ვერ უყარეს

პუბლიკა

პარლამენტმა სასამართლო სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე ისევ ვერ დადგა. ამის მიზეზი კვორუმის არარსებობაა, რომელიც უმრავლესობამ ჩააგდო – მათ რეგისტრაცია არ გაიარეს.

„კოლეგებო, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს, აქედან გამომდინარე, დღესაც საპარლამენტო უმრავლესობა არ გაივლის რეგისტრაციას”, – განაცხადა კენჭისყრის დაწყებამდე უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსად დღევადელი დღისა, მათ რეგისტრაცია არც გუშინ გაიარეს.


6 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიცია სასამართლო „კლანზე“ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა იუსტიციის საბჭოს წევრ ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეს, ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანს, ვალერი ცერცვაძეს.