„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონთა პაკეტი, რომლითაც იკრძალება აქციაზე პიროტექნიკის, ნიღბის, ლაზერის ტარება, მკაცრდება რიგი ადმინისტრაციული სახდელები, იცვლება პოლიციაში პირის სამუშაოდ მიღების წესი.
საკანონმდებლო პაკეტი „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით განიხილა და სამ დღეში მიიღო.
პაკეტი 8 დოკუმენტისგან შედგება – ძირითადია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები და თანმხლები ცვლილებები კანონებში, რომლითაც, ძირითადად, რეგულირდება საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება, რეალიზაცია და სპეციალური ნებართვის/ლიცენზიის საკითხი.
პაკეტი მოიცავს „შეკრებებსა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონით უკვე აკრძალულ ნივთებთან ერთად, დამატებით ეკრძალებათ იქონიონ პიროტექნიკური ნაწარმი; იქონიონ ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალება, რომლის გამოყენებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების საქმიანობას ანდა ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას; სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა.
იმ პირთა ნუსხას, რომელთაც შეეძლებათ აქციაზე სახის დაფარვა, შინაგან საქმეთა მინისტრი განსაზღვრავს.
ეს ცვლილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.
„პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებით გათვალისწინებულია, რომ სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
რაც შეეხება ძირითადს, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს, „ოცნების“ მიერ მიღებული კანონით, გაიზარდა ჯარიმები მთელ რიგ სამართალდარღვევებზე, მათ შორის, იერსახის დამახინჯებაზე, ვანდალიზმზე, შეკრებისა და მანისფესტაციების კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაზე, სატრანსპორტო საშუალებით გზის გადაკეტვაზე;
ფართოვდება ადმინისტრაციული წესით დაკავების საფუძველი, პირის დათვალიერების და საბუთების შემოწმების წესები, კერძოდ – ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა დასაშვები გახდება „სამართალდამრღვევის სასამართლოში დროულად წარდგენისა და საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობისთვის თავის არიდების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით“;
სოლიდური ჯარიმები წესდება პიროტექნიკის გამოყენების, შეძენის და გაყიდვის წესის დარღვევაზე. ჯარიმა დაეკისრება არასრულწლოვნის მშობელსაც, თუ არასრულწლოვანი პიროტექნიკის რეგულაციებს დაარღვევს ან პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილება/შეურაცხყოფას მიაყენებს მას;
შეკრებებსა და მანიფესტაციებზე პიროტექნიკის ქონა გამოიწვევს 5000-ლარიან ჯარიმას, ორგანიზატორის შემთხვევაში – 15 000 ლარს; აქციაზე ლაზერის ქონა ან სახის დაფარვა 2000 ლარით დაჯარიმდება.
სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვაზე ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობაზე, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, 1000-ლარიან ჯარიმა გაიზრდება 2000 ლარმადე და დაემატება 1 წლით მართვის უფლების ჩამორთმევაც.
შენობების ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ნარგავებზე წარწერების, ნახატების, სიმბოლოების, პლაკატების, ლოზუნგების განთავსება 50 ლარის ნაცვლად 1000 ლარით დაჯარიმდება. იგივე ქმედება კულტურული მემკვიდრეობით დაცულ ზონაში 2000 ლარით დაჯარიმდება.
წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე 2000 ლარით დაჯარიმდება (500-ის ნაცვლად).
ვანდალიზმზეც მკაცრდება ადმინისტრაციული სახდელი – 500 ლარის ნაცვლად დაწესდება 5000 ლარი ჯარიმა, ორგანიზების შემთხვევაში კი -15 000.
შსს-ს ფორმის მსგავსი ტანსაცმლის/ატრიბუტიკის ტარება 2000 ლარით დაჯარიმდება.
პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ძალაში შესასვლელად ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს და გამოაქვეყნოს. ამისთვის კანონით განსაზღვრულია 14 დღე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ოპოზიცია და იურისტთა უმრავლესობა, „ოცნების“ პარლამენტის კანონიერებას და ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
სალომე ზურაბიშვილმა უკვე გააკრიტიკა „ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივები.