„ოცნებამ“ მოაწერა ამ პუნქტს ხელი და რას და რატომ მოაწერა, თავად განმარტონ – ინაშვილი 8 მარტის შეთანხმებაზე

პუბლიკა

პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრები ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, საარჩევნო სისტემის საკითხზე იმართებოდა. ამ შეხვედრებს ირმა ინაშვილიც ესწრებოდა, რომელიც ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” და „ევროპული საქართველო”, ასევე, ინაშვილის თქმით, მათ ირგვლივ გაერთიანებული სხვა პარტიები, საუბრობდნენ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, გიგი უგულავას გათავისუფლებაზე და პარლამენტის დეპუტატის მტკიცებით, მოითხოვდნენ პირად ხელშეუხებლობას. მას მაგალითად გიგა ბოკერია მოჰყავს. ინაშვილის მტკიცებით, მმართველი გუნდი არცერთ ამ პირობას არ დასთანხმებია.

„მე ვადასტურებ, რომ ამ შეხვედრებზე (ჩემი თანდასწრებით) არც არჩილ თალაკვაძე და არც ირაკლი კობახიძე არ დათანხმებულან! მე ასევე ვადასტურებ, რომ შეხვედრები იყო ჩემ გარეშეც, ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ ჩემ გარეშეც და ბოლოს, მე ვადასტურებ, რომ 8 მარტის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტი, რომლის მეორე პუნქტი, ჩემი აზრით, იყო ძალზედ ბუნდოვანი, არ ეხებოდა საარჩევნო სისტემას. ამ პუნქტში სააკაშვილ-ბოკერიას პარტიები გულისხმობდნენ უგულავას და არა მარტო უგულავას გათავისუფლებას და ამას ღიად ამბობდნენ,ხოლო „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ამ პუნქტში სულ სხვა რამეს გულისხმობს. ყველასათვის ცნობილია, რომ მე არ მოვაწერე ხელი ამ მეორე პუნქტს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა და რას და რატომ მოაწერა ხელი, იმედია, ამაზე განმარტებას თავად გააკეთებენ”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

დღეს არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ, 8 მარტის შეთანხმებით, მმართველ გუნდს ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების პასუხისმგებლობა არ აუღია და ოპოზიციის საუბარი ამ თემაზე არის სპეკულაცია. თალაკვაძემ თხოვნით მიმართა დიპლომატებს, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების ყველა პუნქტს.

„ვთხოვ მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს. ვთხოვთ მათ, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით, ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემისა და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

„ევროპულმა საქართველომ” და „ნაციონალურმა მოძრაობამ” თალაკვაძის ამ განცხადებას ცრუ და უპასუხისმგებლო უწოდეს. მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტის კენჭისყრაზე კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ.