„ოცნებამ“ საგამოძიებო კომისიაზე კვორუმი ჩააგდო

პუბლიკა

მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა, სადაც საგამოძიებო კომისიის საკითხს განიხილავენ.

„სასამართლოს დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ კონკრეტული აქტი. ეს არის მხარდაჭერის აქტი სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური პრინციპი, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული და ეს არის ჩვენი პოლიტიკური სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ. რაც შეხება აქტის შინაარსს – პოლიტიკური საფუძველი განვმარტე. რაც შეხება პროცედურულ საკითხს, რომელიც თქვენც უნდა გაინტერესებდეთ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტში დღევანდელ სხდომაზე სასამართლო სისტემის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა განიხილეს და კენჭი უყარეს, თუმცა კვორუმი არ შედგა.

6 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიცია სასამართლო „კლანზე“ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

ბიუროს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სასამართლო სისტემის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი დღეს არ ეყაროს, რასაც კამათი მოჰყვა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, მისთვის გასაგებია, რომ ოპოზიცია თავის დღის წესრიგს იმაზე აგებს, თუ რა განცხადებები გაკეთდება სხვა ქვეყანაში, თუმცა პარლამენტი საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებს.

თუმცა მოგვიანებით, საკითხი სხდომაზე განიხილეს და კენჭიც უყარეს.

სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის შესახებ  დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით სხვადასხვა დროს გამოვიდნენ საპარლამენტო ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები. „რეფორმების ჯგუფმა“ გასულ წელს დროებითი საგამოძიებო კომისია დაარეგისტრირა.

ასევე, 2022 წლის სექტემბერში 12-მა სამოქალაქო ორგანიზაციამ საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდა, შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური დანაშაულების და სხვა კანონდარღვევების გამოკვლევისა და მათზე რეაგირების მიზნით.

სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა იუსტიციის საბჭოს წევრ ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეს, ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანს, ვალერი ცერცვაძეს.