„ოცნებამ" თავად ჩაატარა აქცია, სადაც კონსერვატიული ფლანგის მოთხოვნები დააყენა. მისასალმებელია - „ალტ-ინფო"

პუბლიკა

„ყველა ვარიანტში კარგია, მთავრობა რომ უკვე მკაფიო გადაწყვეტილებას იღებს, ყოველ შემთხვევაში, მთავრობასთან ასოცირებული ჯგუფი, აშკარად კონსერვატიულ რიტორიკაზე რომ გადადის”, – ასეთი შეფასებები მოჰყვა რესპუბლიკის მოედანზე 30 აპრილს გამართულ ანტიდასავლურ აქციას ჰომოფობიური და პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს” წევრების მხრიდან.

აქციის მოთხოვნათა შეფასებისას მათ თავდაპირველად აღნიშნეს, რომ ე.წ. „უცნობის” აქცია „ქართული ოცნების” დაანონსებული და დაორგანიზებული იყო და ამ საკითხზე თავის მოტყუება არ ღირს.

რაც შეეხება აქციის ანტიდასავლურ და ჰომოფობიურ მოთხოვნებს, „ალტ-ინფოს” წევრები დადებითად აფასებენ კონსერვატიული დღის წესრიგის დამკვიდრებას.

„მართლა მნიშვნელოვანია, რომ ეს აქცია შედგა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მივიღეთ რეალობა, სადაც რეალურად „ოცნების” წარმომადგენლებმა ღიად დააყენეს მოთხოვნები, რომლებიც მართლა საჭიროა, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კონსერვატიული ფლანგი მოითხოვდა, აყენებდა. პრობლემებს, რომელიც დღის წესრიგში იდგა, მათ შორის „ოცნების” პოლიტიკის გამო. ახლა „ოცნებამ” თვითონ ჩაატარა აქცია, სადაც იგივე მოთხოვნები დააყენა”, – განაცხადა შოთა მარტინენკომ.

30 აპრილის აქცია კი გიორგი ქარდავას აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ „პოლიტიკური ტრენდი” არის მათკენ.

„ყველა ვარიანტში კარგია, მთავრობა რომ უკვე მკაფიოდ გადაწყვეტილებას იღებს, ყოველ შემთხვევაში, მთავრობასთან ასოცირებული ჯგუფი აშკარად კონსერვატიულ რიტორიკაზე რომ გადადის – ეს უკვე ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია კონსერვატიული დღის წესრიგის დამკვიდრებისთვის ჩვენს საზოგადოებაში. ე.ი. ტენდენცია, პოლიტიკური ტრენდი, არის ჩვენკენ, რაც ცალსახად მისასალმებელია.

ამას ვიღაც საკუთარი სკამის შესანარჩუნებლად თუ მართლა გულწრფელად ამბობს, ეს მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ ინტერესი გაჩნდა ამის მიმართ და რაც ავტომატურად აძლიერებს ჩვენს, კონსერვატორების პოზიციებს”, – განაცხადა ქარდავამ.