„ქართულმა ოცნებამ“ მთავრობის ნებართვის გარეშე გაცემული გრანტების აკრძალვის პაკეტი სამივე მოსმენით მიიღო.
პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილეს და ორ დღეში დაამტკიცეს. კანონი მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერისთანავე ამოქმედდება.
ცვლილებები შევიდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და მასთან ერთად გრანტების შესახებ კანონში, კორუფციის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში.
გრანტების კანონში ცვლილების მიხედვით, დონორებს გრანტის გასაცემად მთავრობის ან უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა დასჭირდება.
მთავრობის ან უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა იქნება საჭირო გრანტის მიზნის ცვლილებისთვის.
თანხმობის გარეშე გრანტის გაცემად ასევე ჩაითვლება თანხის საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნისგან განსხვავებული მიზნით გამოყენება.
კანონში ცვლილება ასევე ვრცელდება „ფულადი ან ნატურალური ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემულ იმ სახსრებზე, რომლებიც თავისი ბუნებით წარმოადგენს გრანტს, მაგრამ გაცემულია კანონით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით“.
აღნიშნული თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება დაუშვებელია.
თანხმობის გარეშე გრანტის მიღება გამოიწვევს მიმღების დაჯარიმებას გრანტის ორმაგი ოდენობით.
მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება:
- საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე;
- საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე.
ინიციირებულ ვერსიაში გამონაკლისი იყო საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღება, თუმცა მიღებულ პროექტში ეს ჩანაწერი აღარ არის.
თანხმობის მოთხოვნა არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ და მიღებულ გრანტებზე, თუ არ შეიცვლება გრანტის ხელშეკრულება.
აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში ცვლილებით კი შემოწირულობის მიღება დაუშვებელია საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან; ამ მუხლს ჩამოშორდა გამონაკლისი, რომელიც ლექცია-სემინარების ჩატარებას გულისხმობდა.
კანონიდან ამოიღეს მუხლი, რომლის მიხედვითაც კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა მიზანია პარტიების ინსტიტუციური განვითარება, რაც არ უკავშირდება რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებას.
პროექტის მიხედვით, პარტია ვალდებულია წლიურ საფინანსო დეკლარაციაში ასახოს ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ გაწეული ის ხარჯები, რომლებიც პარტიის საარჩევნო მიზნებსა და საქმიანობას მოხმარდა.