„ოცნებამ“ უნივერსიტეტებში ქართული ენის სავალდებულო სწავლების კანონპროექტი I მოსმენით მიიღო

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პარლამენტმა უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლების კანონპროექტი I მოსმენით, 79 ხმით მიიღო. წინააღმდეგ წავიდა – 0.

კანონპროექტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო ენის ორსემესტრიანი სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო იქნება.

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი არის ქართული ენის სპეციალური კურსი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე აფხაზური ენის სპეციალური კურსი.

სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესს 1 სექტემბრამდე განათლების სამინისტრო დაამტკიცებს.

კანონის მოქმედება არ გავრცელდება მათზე, ვინც უნივერსიტეტში 1 აგვისტომდე ჩაირიცხა.

მუხლი, რომელიც სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის სავალდებულო წესით გავლას ითვალისწინებს, ძალაში შევა 2025 წლის 1 სექტემბრიდან.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ „2003 წელს რევოლუციის გზით მოსული არაეროვნული ხელისუფლება“ ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ ქართული ენის წინააღმდეგ „დანაშაულებრივ ღონისძიებებს“ სჩადიოდა, ენაზე და იდენტობაზე „მიზანმიმართული შეტევა შეწყდა 2012 წელს ქართული ოცნების საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ”.

ამ კანონის მიღების მზაობა „ოცნების“ წევრებმა 14 აპრილს გამოთქვეს. სწორედ ამ დღეს განიხილა კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება, რომლითაც შალვა პაპუაშვილს ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტომა და განყოფილების ხელმძღვანელმა მიმართეს.