„ოცნებას“ ფეხებზე ჰკიდია ნარკოტიკებით გარდაცვლილი ახალგაზრდები - მეზვრიშვილი

პუბლიკა

პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ეხმაურება ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ ცვლილებებს, რომელიც მათ თქმით, ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას გულისხმობს.

„ოცნებას“ სულ ფეხებზე ჰკიდია ნარკოტიკებით გარდაცვლილი ახალგაზრდებიც, ნარკოტიკების გავრცელებაში ახალგაზრდების მზარდი მონაწილეობაც და გამსაღებელთა თავისუფლად თარეშიც, იმიტომ, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების გასაღებით, გამსაღებელთა მფარველობით, მომხმარებლებზე ზოგჯერ ზეწოლით და ზოგჯერ მათთან ვაჭრობით თავად ხეირობს”. – წერს მეზვრიშვილი.

მისი თქმით, „ოცნება” გეგმავს  აქციებზე მყოფი აქტივისტების დევნას – მათ გადაყვანას თითქოსდა ნარკოტიკების მოხმარებაზე შესამოწმებლად, მათთვის ჩადებას, ამ გზით მათი შევიწროებას და შემდეგ აქციის გაშავებას.

„არ დაგვავიწყდეს ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც ნარკოტესტზე შემოწმების სავალდებულობა გააუქმა იმიტომ, რომ „ოცნების“ რიგები სავსეა ნარკოტიკების მომხმარებლებით. გაუქმების მიზეზად რა დაასახელეს ამასაც შეგახსენებთ: დეპუტატს შეურაცხყოფს შემოწმებაო. ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც საარჩევნო მიზნებისთვის ჯერ ამნისტია შეახო ნარკოდანაშაულს და შემდეგ ყაველაშვილის შეწყალება. ანუ, როცა ხმებს ყიდულობდნენ, ამ დროს ნარკოდანაშაულის გავრცელება და ახალგაზრდებში მოხმარების ზრდა არავის აინტერესებდა. თუ „ოცნებისთვის“ ხმა მოაქვს, ახალგაზრდების სიკვდილი რა მოსატანია”. – ამბობს მეზვრიშვილი.

მეზვრიშვილის პოზიციით ნარკოტიკების გამსაღებლები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ, შეძენა-შენახვაზე უნდა მოხდეს სასჯელების დიფერენცირება ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების და სახეობების მიხედვით და უმკაცრესი უნდა იყოს მიდგომა ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან. ამასთან, სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს მომხმარებელთა (წამალდამოკიდებულთა) და მათი ოჯახების მხარდაჭერა-რეაბილიტაციაზე (პირველ რიგში, სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობით და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერებით).

მისი თქმით, ეტაპობრივად უნდა შეიცვალოს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მოძველებული, არაეფექტიან მეთოდები და წლების განმავლობაში არსებული დასჯის პოლიტიკიდან უნდა გადავიდეთ პრევენციის, მომხმარებელთა რეაბილიტაციისა და გამსაღებელთა მკაცრად დასჯის ეფექტიან და სამართლიან პოლიტიკაზე.