მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი მორიგ ანტიამერიკულ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში დეპუტატები ეხმაურებიან „რადიო თავისუფლების“ ინტერვიუს მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორ ეველინ ფარკასთან.
დეპუტატების შეფასებით, ფარკასმა ღიად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ, „რის ღიად თქმასაც ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი დღემდე ვერ ბედავს.“
„ქალბატონმა ფარკასმა ღიად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ და იქვე ნაწილობრივ დაგვამშვიდა, „საქართველოს დღეს ნაკლები საფრთხე ემუქრება რუსეთის შემოჭრისა და რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხრივ, ვიდრე წარსულში იყოო“. ამასთან, ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ რუსეთს საქართველოში ახალი ფრონტის გახსნა არ შეუძლიაო, მან სრულიად შემაშფოთებელი პასუხი გასცა – „მერე რა, მერე რა, მაინც ვერ გაიმარჯვებსო“.
ანუ ქალბატონმა ფარკასმა აღიარა, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში, საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის რისკი არსებობს და მხოლოდ იმით დაგვამშვიდა, რომ რუსეთი გამარჯვებას ვერ შეძლებს. თუმცა, რა გაიყიდება დამარცხებად და რა გამარჯვებად, 2008 წლის ომის მაგალითზე, ესეც ძალიან მწარედ გვახსოვს. ქართველ ხალხს არ დაავიწყდება, როგორ დაეხმარნენ ამერიკელები სააკაშვილს ორ დღეში წაგებული ომის გამარჯვებად გამოცხადებაში და როგორ აზეიმეს ქართველ ხალხს წაგებული ომი რუსთაველის გამზირზე“, – ვკითხულობთ წერილში.
დეპუტატების განცხადებით, ახლა დასკვნა ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს – „ან უნდა დაჰყვეს საელჩოს სურვილს და საქართველო მეორე ფრონტად აქციოს ან უნდა შეაფასოს, რამდენად ლეგიტიმური და მისაღებია მისი განზრახვა.“
„აქვე აღსანიშნავია, რომ დღემდე არ წყდება უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ღია მოწოდებები სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით. გუშინაც ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უკრაინის რადას დეპუტატი აცხადებდა, დროა, ქართველმა ხალხმა აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციისთვისო. უკრაინის ხელისუფლებაზე ამერიკელების გავლენა რამდენად ძლიერია, ალბათ, საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის. შესაბამისად, არც ის უნდა გაუკვირდეს, თუ რატომ ემთხვევა მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელისა და უკრაინელი პოლიტიკოსების გზავნილები ასე ზუსტად ერთმანეთს.“