„ოცნების“ ლიდერები და ოპოზიცია ძველი პირადობების საკითხზე დახურულ ფორმატში ხვდებიან

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტში, დახურულ ფორმატში ოპოზიციას ხვდებიან.

შეხვედრაზე პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ იმ კანონპროექტზე მსჯელობენ, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას ხდის შესაძლებელს.

აღნიშნული პროექტის ინიციატორი ფრიდონ ინჯიაა. ის დღევანდელ შეხვედრას არ ესწრება. შეხვედრას „ოცნებიდან” შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე გივი მიქანაძე და მამუკა მდინარაძე ესწრებიან.

ოპოზიციიდან კი ხათუნა სამნიძე, თინა ბოკუჩავა, გახარიას პარტიიდან მიხეილ დაუშვილი, აგრეთვე რომან გოცირიძე, იაგო ხვიჩია და ნატო ჩხეიძე ესწრებიან.

ოპოზიცია ამბობს, რომ ძველი პირადობების გამოყენება არჩევნებში ოცნებისთვის გაყალბების ბერკეტია.

„აუცილებელია, შეიზღუდოს ძველი პირადობების გამოყენება, რადგან ეს პირდაპირ გაყალბების ბერკეტია ხელისუფლებისთვის” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა შემოგვთავაზოს გამოსავალი, სახელმწიფოს აქვს რესურსი თითოეულ მოქალაქეს სახლში მიუტანოს ახალი პირადობის მოწმობა“, – თქვა ხათუნა სამნიძემ.

„უფასოდ სახლში უნდა მიუტანო პირადობის მოწმობა და არავინ ამ ჩიპზე პრეტენზიას არ გამოთქვამს, გარდა ახირებული ადამიანების ნაწილისა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„თუ ისაა პრობლემა, რომ ჩიპი დგას პირადობის მოწმობებში, დაუმზადონ უჩიპოდ და უფასოდ”, – თქვა იაგო ხვიჩიამ შეხვედრის დაწყებამდე.

გავა თუ არა კანონპროექტი მეორე მოსმენაზე და იქცევა თუ არა კანონად შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

ცვლილებები, რომელიც „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შედის, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

კანონპროექტის თანახმად:

არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ნაცვლად პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID-ბარათის) და/ან პასპორტისა, მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობა აქვთ.