მასალა განახლებულია
„ქართული ოცნების“ მთავრობა ადასტურებს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე [UNWTO] ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გაიწვია და მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.
ამასთანავე, მთავრობა წერს, რომ „სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა”.
„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თუმცა მოგვიანებით მისი კანდიდატურა თავისივე გადაწყვეტილებით გაიწვია.
სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა.
აქვე ვადასტურებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის წერილობით განმარტებაში.
ინფორმაცია, რომ საქართველო გაიწვევს ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას და მის ნაცვლად მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს, თავდაპირველად The Diplomat-მა გაავრცელა.
The Diplomat-ის მიხედვით, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება გარკვეულწილად არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (UAE) დადებული ფარული შეთანხმების ნაწილია.
The Diplomat ასევე წერს, რომ ამ ნაბიჯმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შორის, ვინაიდან საქართველო რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობს.
„UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა პოლოლიკაშვილმა უხელმძღვანელა მთელ პროცესს, რომელიც 2022 წელს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის ორგანიზაციაში წევრობის შეჩერებას მოიცავდა. ეს იყო თამამი პოზიცია, რომელმაც პრეცედენტი შექმნა გაეროს სისტემაში. მისი ქმედებები აღიქმებოდა, როგორც მნიშვნელოვანი მორალური პოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდა.
პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის მოხსნა საპირისპირო გზავნილს იძლევა და ნდობას უკარგავს იმ წევრი სახელმწიფოებს, რომლებიც მხარს უჭერენ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას“, – წერს გამოცემა.
„ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ… 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს.
3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას – მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი“, – მიწერა ზურაბ პოლოლიკაშვილმა „ფორმულა“.