„ოცნების“ პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს 4 ახალი წევრი აირჩია

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს 4 ახალი წევრი აირჩია – ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ნინო ჯელაძე და ლევან ძნელაძე.

„ოცნების“ პარლამენტს საბჭოს წევრობის ოთხივე კანდიდატი „ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა წარუდგინა.

ვახტანგ ბურკიაშვილი ეროვნული ბანკის მოქმედი აღმასრულებელი დირექტორია, ოთარ შამუგია კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი.

ამჟამად ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა მართავს. 2023 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს ორი აღმასრულებელი წევრი აირჩია – ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან.

2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემული საგამონაკლისო ბრძანების მიმართ პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს.

ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები.

საბჭოს წევრებს პრეზიდენტი წარადგენს და პარლამენტი ამტკიცებს. 2023 წლის ბოლოს, მეათე მოწვევის პარლამენტმა დაბლოკა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატები – გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე.

„წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში, ექსპრეზიდენტის [სალომე ზურაბიშვილი] საბოტაჟის გამო ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებას ვერ ვახდენდით. ეროვნული ბანკის საბჭოს 9-ის ნაცვლად, 5 წევრით საქმიანობა უწევდა.

მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ამ საბოტაჟის დასრულება შევძელით. ეროვნული ბანკი საქმიანობას სრული შემადგენლობით გააგრძელებს“, – განაცხადა „ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ.