ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრი თანამდებობიდან გადადგა

პუბლიკა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადების ასლი მან სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.

მოგვიანებით ასევე გახდა ცნობილი, რომ თანამდებობას ტოვებს ასევე ვიცე-პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი არჩილ მესტვირიშვილიც. ამის შესახებ მან facebook-ზე დაწერა.

 „ვერ ვიქნები იმ გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები”, – უთხრა მესტვრიშვილმა გამოცემა BMG-ს.


ოთარ ფარცხალაძეს სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა. ამის შემდეგ აშშ-ის სანქციებთან შესაბამისობის მიზეზით ფარცხალაძეს შეზღუდვები დაუწესდა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნითაც. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესება კონსტიტუციას არღვევდა.

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად ოთარ ფარცხალაძისთვის შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება შეცვალა. ფარცხალაძეს ეროვნული ბანკის სანქცია გაუუქმდება, რაც ნიშნავს, რომ მას აღუდგება წვდომა საბანკო სერვისებზე.