„ქართული ოცნების“ პარლამენტმა I მოსმენით მიიღო ცვლილებები დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში.
წარმოდგენილი კანონპროექტით, დიპლომატიური თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გაწვევა იქნება შესაძლებელი იმ შემთხვევაში, „თუ მისი ქმედება გამოიწვევს ქვეყნის ინტერესების ან იმიჯის შელახვას”.
ცვლილებები დღეს, 13 მაისს „ოცნების“ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე განიხილეს. ის მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ წარადგინა.
მისი თქმით და კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, „კანონის რიგი ნორმები ჩაითვალა არსებულ რეალობასთან შეუსაბამოდ. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა კანონით დადგენილი ნორმების დახვეწა და არსებულ რეალობასთან მორგების აუცილებლობა”.
დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით:
მე-4 მუხლს: დიპლომატიური სამსახურის ფასეულობები – ემატება შემდეგი პუნქტები:
„სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულება, დიპლომატიური სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე”.
„ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განუხრელი დაცვა“.
კანონპროექტით, 24-ე მუხლს – „დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევის საფუძვლები” – ემატება ჩანაწერი: „მივლინებული პირის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის ინტერესების ან/და იმიჯის შელახვა, ან ისეთი ქმედების ჩადენა რომელიც ეწინააღმდეგება საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა ან/და სამინისტროს ინტერესს”.
კანონპროექტის თანახმად, დიპლომატიური თანამდებობის პირი (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით განსაზღვრულ თანამდებობის პირისა) და ადმინისტრაციული პერსონალი წელიწადში ორჯერ დაექვემდებარება შეფასებას. ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობით შეფასება წელიწადში ერთხელ ხდება.
მოქმედი კანონის თანახმად, დიპლომატური თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლება შესაძლებელია, თუ ის ზედიზედ ორჯერ მიიღებს არადამამკაყოფილებელ შეფასებას.
ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ის დაარღვევს სამსახურებრივ დისციპლინას, თუ პირის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა.
წარმოდგენილი კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობის გაზრდა 1 წლამდე ვადით, ნაცვლად 6 თვისა.
2025 წლის 1 მაისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების” მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უწყებაში რეორგანიზაციას იწყებს.
თანამშრომლებმა მიიღეს ახალი სტრუქტურული სქემა და რეორგანიზაციის ბრძანება. „რადიო თავისუფლების“ თანახმად, წერილში, რომელიც მათ მიიღეს, ეწერა, რომ „შეიქმნება ოთხი პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს 10 დეპარტამენტს და 25 სამმართველოს“.
ამავე დღეს, 1 მაისს კოალიცია „ძლიერი საქართველოს” წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, „ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატის გაუქმებას და 250 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს.
გეგელიას განცხადებით, ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც განცხადებით დაგმეს „ქართული ოცნების” 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების პროცესი.
„ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია, რომ უწყებაში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი უქმდება.
„ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „რეფორმის შედეგად შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს”.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საჯარო სამსახურებიდან 800-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს.