„ოცნების ქალაქში“ წელიწად-ნახევარში 582 ბინა აშენდება - გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის წელიწად-ნახევარში 582 ბინა აშენდება, ხოლო 2021 წელს დაიწყება სკოლის მშენებლობაც.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ბევრი გვაქვს ჯერ კიდევ საშრომი, ყოველდღიურად, ყველას ერთად, იმისათვის, რომ ისეთი მძიმე სოციალური პრობლემები, რომელიც იყო აჭარაში, ყველამ ერთად გადავწყვიტოთ.

მაგრამ ამას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ზუსტად დღეს, აქ დაიწყება მშენებლობა და როგორც დაგპირდით დეკემბერში, რომ აქ აშენდებოდა „ოცნების ქალაქი“, ზუსტად ასე გპირდებით, რომ წელიწადსა და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა“, – თქვა გიორგი გახარიამ, რომელიც „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გახსნას დაესწრო.

სოციალური პროექტი, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტით 17 თვეში სამი 12-სართულიანი შენობა უნდა აშენდეს. მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია.