„ოცნების“ საგარეომ ავსტრიის მინისტრისა და ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ განცხადებაში „ოცნების" მიმართ კრიტიკა დამალა

პუბლიკა

26 მარტს ვენაში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბეათე მაინლ-რაიზინგერი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რა კრიტიკული გზავნილები ჰქონდა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილთან საუბრისას.  

„ოცნების“ სამინისტრო წერს, რომ მინისტრებმა მიმოიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობების,  ისე საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის,  რეგიონული უსაფრთხოებისა და სხვა მიმდინარე აქტუალური საკითხები.

ასევე, განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  ავსტრია საქართველოს  მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს და დადებითად აფასებს ორი ქვეყნის დინამიკურ ურთიერთობებ. „კერძოდ, ის კვლავაც განაგრძობს საქართველოს დახმარებას განვითარების პროგრამის ფარგლებში და  თანხების გამოყოფას  ამ მიმართულებით“.

„მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და მისი გავლენა როგორც საქართველოზე, ისე მთლიანად ფართო რეგიონის ქვეყნებზე. ავსტრიის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ავსტრიის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. თავის მხრივ,   ქართულმა მხარემ  კვლავაც დაადასტურა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი და განაცხადა, რომ მზადაა ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად,  მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად“, – ნათქვამია „ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრა, თუ რა საკითხები განიხილა მაკა ბოჭორიშვილთან და აღნიშნა, რომ საუბარი რამდენიმე კრიტიკულ თემასაც შეეხო, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას.

„სამწუხაროდ, დღეს მრავალი რთული საკითხიც გვქონდა განსახილველი. რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზას – საქართველომ ამ გზაზე უკუსვლა დაიწყო, ეს არის როგორც ავსტრიული, ისე ევროპული ხედვა და ეს სამწუხაროა.

ჩვენ ვხედავთ რეფორმების გაუარესებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, ვხედავთ უკან გადადგმულ ნაბიჯებსაც საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც მიზანში იღებს სამოქალაქო საზოგადოებას, ვხედავთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დარღვევებსაც, რომლებიც ეუთო/ოდირმა გამოავლინა. ამ ყველაფრის შედეგად, ევროკავშირში გაწევრების პროცესი ამჟამად შეჩერებულია.

ქართველ კოლეგას მკაფიოდ განვუცხადე, რომ მტკიცედ ვგმობთ ძალადობას მშვიდობიან მომიტინგეებსა და მედიის წარმომადგენლებზე. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული, დამნაშავე პირები კი პასუხისგებაში მიეცენ“, – განაცხადა მაინლ-რაიზინგერმა.

მისივე თქმით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა ხელისუფლებისთვის 2024 წელს გათვალისწინებული ფინანსური დახმარება და თანხის გამოყოფა არ იგეგმება არც 2025 წელს.

„ძალადობის საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი დახმარება, 120 მილიონი ევროს ოდენობით. ჩვენ ასევე შევაჩერეთ 30 მილიონი ევრო, რომლის გაცემაც 2024 წელს იგეგმებოდა ევროპის სამშვიდობო დაწესებულების მიერ და არ ვგეგმავთ არავითარ დახმარებას 2025 წელს.

თუმცა ევროკავშირი და ავსტრია ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას გააგრძელებს.

მოვუწოდებთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პირებს, დაძლიონ მოსახლეობის დაყოფა და პოლარიზაცია. ვფიქრობ, არ არსებობს სხვა ალტერნატივა, გარდა აქტიური დიალოგისა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან. ასევე, მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება როგორც ევროკავშირთან, ასევე ქვეყნებს შორის ორმხრივად, სწორედ ამიტომ ჩვენს დღევანდელ საუბარს დადებითად ვაფასებ. დიალოგი პოლიტიკურ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“, – განაცხადა ბეათე მაინლ-რაიზინგერმა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალი მოვლენები მთლიანად საქართველოს ხელისუფლების შემდგომ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული. მან თქვა, რომ წინააღმდეგი არ არის კარის ბოლომდე დახურვის და აუცილებელია, კომუნიკაციის არხები ღია დარჩეს.

„ვენა ყოველთვის იყო დიალოგისა და დიპლომატიის ცენტრი, და ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ამ როლს უსვამს ხაზს. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზას, თუ ხელისუფლება შეცვლის ამჟამინდელ კურსს“, – თქვა მინისტრმა.