„ოცნების" წევრები კონგრესში MEGOBARI Act-ის განხილვას „დაკითხვას" უწოდებენ

პუბლიკა

კონგრესში MEGOBARI Act-ზე მსჯელობას „ქართული ოცნების” წევრები „დაკითხვას”, „ღალატს” და „დასმენას” უწოდებენ. კონგრესში გამართულ განხილვასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

კობახიძემ საქართველოს ყოფილ ელჩს ევროკავშირში ნატალია საბანაძეს და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ვანო ჩხიკვაძეს „სერგო ორჯონიკიძეები” უწოდა:

„გუშინ რაც ვიხილეთ ჩვენ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, პირდაპირ ვიტყოდი ამას. გუშინ ვანო და ნატალია, სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, ეს იყო ჩვეულებრივი ბოლშევიკური ღალატი”, – თქვა მან.

პრემიერ-მინისტრის მსგავსად, „სერგო ორჯონიკიძეები” უწოდა კონგრესში გამართულ განხილვაზე საქართველოს წარმომადგენლებს შალვა პაპუაშვილმაც. მან თქვა, რომ ეს იყო სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ჩატარებული „დაკითხვა”.

„რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე სანახაობა იყო. ჩვენ ვნახეთ ორი მოღალატე და არცერთი მეგობარი. აი, ეს არის საბოლოო დასკვნა, რაც შეგვიძლია გამოვიტანოთ ჩვენ გუშინდელი განხილვისგან. ჩვენ ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და რომლებმაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს, დაკითხვის დროს სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მმართველი პარტიის ლიდერების ნარატივს იმეორებს მაკა ბოჭორიშვილს შეფასებაც – ისიც ამბობს, რომ კონგრესში გაიმართა „ქართველების დაკითხვა”.

„კონგრესში დაკითხული ქართველების შემხედვარე იმასაც ვფიქრობ, ასეთ მდგომარეობაში თავი რის ფასად უნდა ჩაიგდო – იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის პასპორტიც გიდევს ჯიბეში, პირდაპირ ეთერში აყურებინო, მათ როგორ ღალატობ.

საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ ფასეულობებისგან აცდენას, რომ აბრალებ და ამავდროულად, შვილების დასჯას ითხოვ მშრობლების „დანაშაულის“ გამო, უკვე რთული დასადგენია ასეთი ხალხის „ფასეულობა“ ბოლშევიკურია, თუ უფრო ფაშისტური.

სამართლიანი არჩევნების სანაცვლოდ, უცხო ქვეყანას (თუნდაც მეგობარს) ემუდარებიან, დასაჯოს „ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ არჩევნებში საშინლად დამარცხებას გადაურჩნენ და როგორმე ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ! ასე პირდაპირ, ღია ეთერში, კონგრესიდან ითხოვენ უცხო ქვეყანამ საქართველოში გავლენა მოახდინოს დემოკრატიულ პროცესზე, არჩევნების შედეგებზე!

მეტი რაღა უნდა გააკეთონ, რომ ყველას აჩვენონ, როგორ აშინებთ ქართველი ხალხის არჩევანი”, – თქვა მან.

აშშ-ის კონგრესში, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში მოსმენა გაიმართა.

მოსმენაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ.

კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „მმართველი პარტია საერთო ნიადაგს პოულობს ომის დამნაშავე პუტინთან, რომელიც საკმაოდ ბედნიერია ქართული ოცნების ანტიდასავლური, შეთქმულების თეორიებით დატვირთული გადახვევის თანახელმომწერი იყოს.“