„ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ წელს თითქმის 7 250 000 ლარის ტენდერები მოიგო - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიხედვით, ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსთან დაკავშირებულმა კომპანია „სერპანტინმა“ 2020 წლის იანვარ-აპრილში თითქმის 7 250 000 ლარის ტენდერები მოიგო.

არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ კომპანია, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის გიორგი ზედალაშვილის დედას ეკუთვნის, სახელმწიფოსგან გასული წლების განმავლობაშიც ათეულობით მილიონ ლარს იღებდა. „სერპანტინს“ 2013-2019 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.

„გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანია „სერპანტინი“ 2020 წელსაც განაგრძობს მსხვილი სახელმწიფო ტენდერების მიღებას. კომპანიამ 2020 წლის იანვარ-აპრილში 17 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 16-ში გაიმარჯვა.

კომპანიამ ყველა ტენდერი თელავის, ყვარლის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებისგან მიიღო. მოგებული ტენდერების ჯამურმა ღირებულებამ მხოლოდ 2020 წლის დასაწყისიდან 7 249 170.06 ლარი შეადგინა. „სერპანტინმა“ 16 ტენდერიდან 6-ში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით კომპანიამ 1 486 959.06 ლარი მიიღო.

„სერპანტინის“ მიერ სახელმწიფოსგან მიღებული თანხის საერთო ოდენობამ 2013-2020 წლებში უკვე 112 მილიონ ლარს გადააჭარბა“, – წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

არასამთვარობო ორგანიზაციის მიხედვით, გიორგი ზედელაშვილის ოჯახს უკავშირდება ჰიდროელექტრო სადგურებთან დაკავშირებული ბიზნესინტერესებიც. ხრამი ჰესისა და ორო ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაში მიმღებ კომპანიებში წილებს ზედელაშვილის ძმისშვილი ლევან ზედელაშვილი და კომპანია „სერპანტინის“ დირექტორი ზურაბ ფეიქრიშვილი ფლობენ. თანაც ორივე კომპანიას ერთი დირექტორი – დავით ჩიქოვანი ჰყავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წერს, რომ ჰესებთან დაკავშირებით ზედელაშვილის ოჯახის და თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის საერთო ინტერესებიც გამოიკვეთა.

„მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ გიორგი ზედელაშვილის საქმიანობა და დაადგინონ, ხომ არ ჰქონდა ადგილი გიორგი ზედელაშვილისა და მასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის ხელსაყრელი პირობების ხელოვნურად შექმნას“, – წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.