ოდიოზურ ევროპარლამენტარებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, გამოიწვიონ ის, რაც უკრაინაშია - კობახიძე

პუბლიკა

„კიდევ ერთხელ ვამბობ, არის გლობალური ომის პარტია, რომლის წარმომადგენლები არიან ოდიოზური ევროპარლამენტარები და მათ ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, საქართველოში გამოიწვიონ ის პროცესები, რაც, სამწუხაროდ, ახლა უკრაინაში მიმდინარეობს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

დღეს, 8 ნოემბერს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშს განიხილავს. ტექსტში რამდენიმე ცვლილებაა ინიციირებული, მათ შორის ერთ-ერთი ეხება ბიძინა ივანიშვილს და მის შესაძლო კავშირებს კრემლთან.

„ეს არის იმ პროცესების გაგრძელება, რასაც ვაკვირდებოდით წინა წლების განმავლობაში. ამ ადამიანებს აქვთ პირდაპირი კავშირი იმ საერთო კოორდინაციასთან, რომლის მიზანია საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება და ეს მცდელობებიც ამ ყველაფერს უკავშირდება. მაგალითად, ერთ-ერთი შესწორება, რომელიც ინიციირებულია ამ ოდიოზური ევროპარლამენტარების მიერ, უკავშირდება იმას, რომ საქართველომ არ დაუწესა რუსეთს სანქციები. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ესეც არის მორიგი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რამენაირად ჩათრევას იმ ომში, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, საზოგადოებას აქვს საკუთარი პრიორიტეტები და ვერანაირი ასეთი მცდელობა ჩვენ ამ გზიდან ვერ გადაგვახვევინებს. რეალურად „ნაცმოძრაობას“ ქვეყნის გარეთ არ ჰყავს მოკავშირეები. ეს ადამიანები არიან ერთმანეთის მოკავშირეები და გამგები გაიგებს, რასაც ვგულისხმობ“,- განაცხადა კობახიძემ.

ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ და ასიტა კანკომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოამზადეს შესწორება, სადაც გამოხატულია შეშფოთება, რომ, სავარაუდოდ, რუსი ხალხი და კომპანიები საქართველოს იყენებენ დასავლური სანქციებისგან თავის ასარიდებლად. ამავე შესწორებით, „[კომიტეტი] მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, შეისწავლონ ეს ბრალდებები, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის სააგენტოს ანგარიში ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე რუსეთთან. თუ ეს ბრალდებები დადასტურდება, მოუწოდებს, დაუწესდეს პერსონალური სანქციები მას და მის მოკავშირეებს“.

ევროპარლამენტარები, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე შესწორებაში ასევე ყურადღებას ამახვილებენ „ეკონომიკაში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის შემცირების აუცილებლობაზე“, რაც ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა დასახოს საქართველოს კომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.