ოდიშარია: კინოცენტრის დაფინანსება საკმარისია იმისთვის, რომ კინო ასეთ სავალალო მდგომარეობაში არ იყოს

პუბლიკა

პროპაგანდისტული არხის POSTV-ის წამყვანი, ბაჩო ოდიშარია კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსი მოადგილედ დაინიშნა. ოდიშარია ამ პოსტზე კინოცენტრში გამოცხადებული რეორგანიზაციის პარალელურად განაწესეს.

რეორგანიზაციის გამოცხადებას კინოცენტრის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ კინოინდუსტრიის წარმომადგენლებიც.

მათი შეფასებით, რეორგანიზაცია დაუსაბუთებელი მიზეზით გამოცხადდა და მთავარი მიზანი კინოცენტრის დამოუკიდებლობის შეზღუდვაა.

კინოცენტრის შენობაში მისი გამოჩენის გამო გამართულ პროტესტზე გუშინ POSTV-ის ეთერში ბაჩო ოდიშარიამ ისაუბრა.

მისი შეფასებით, კინოცენტრს სოლიდური დაფინანსება აქვს და ასეთი რესურსების პირობებში არ უნდა იყოს „ასეთ სავალალო მდგომარეობაში“.

ის ამბობს, რომ რეორგანიზაციის მიზანი ცენტრის მუშაობის გამართვა და მეტი უკეთესი ქართული ფილმის შექმნაა.

„ჩემზე ამბობენ, რომ, რადგან მე ვარ „ოცნების“ გულმხურვალე მხარდამჭერი და თან პროპაგანდისტიც (ასე მიწოდებენ ოპოზიციური მედიები), დაუშვებელია ჩემი იქ მიშვება კინოცენტრში, არ შეიძლება.

საკითხი ასე დგას – ან ჩვენიანი, ვინც გვევსება ის დაჯდეს, ან არავინ, თუ არადა, დიქტატურას დავარქმევთ. მე არ მივსულვარ იქ, რომ პოლიტიკური კამპანია გამეტარებინა, მე მივედი „პრივეტ ი ატვეტ“.

რეალურად პოლიტიზებას აკეთებს ეს ხალხი, პროტესტის მონაწილეები. ტიპები ამბობენ, რომ ბაჩო ოდიშარია არა, რადგან ეს არის „ოცნების “პროპაგანდისტი და ვინც გვევასება, ლიბერალი ვინც არის, ის მოვიდეს.

ჟურნალისტმა დამირეკა ტვ პირველიდან, მითხრა – რეორგანიზაცია ხალხის გაყრააო. მერე მე ავუხსენი, რა არის რეორგანიზაცია. მერე ვეუბნები, რომ ის, რომ კინოცენტრი არსებობს, აქვს სოლიდური დაფინანსება, სწორი მუშაობის ფარგლებში მეტსაც იმსახურებს, მაგრამ რაც არის ამ მომენტისთვის, საკმარისია იმისთვის, რომ ასეთ სავალალო მდგომარეობაში არ იყოს.

ერთეული ფილმია, რომელიც შეგიძლია გაიხსენო ბოლო 20 წლის განმავლობაში და შეგიძლია თქვა, რომ თაობებს შემორჩება და ქართულ კინოფონდში მნიშვნელოვანი ანაბარია და ა.შ.

მეკითხებიან, რეპრესიებს ვიწყებ თუ არა. არ არის-მეთქი ეგ რეპრესია, რეორგანიზაცია ნიშნავს იმას, რომ გაიმართოს მუშაობა, შემოვიდეს ახალი იდეები და მეტი უკეთესი კარგი კინო შეიქმნას, ახალი კადრი შეიქმნას და ა.შ.“, – განაცხადა ეთერში ბაჩო ოდიშარიამ.

პროპაგანდისტ შალვა რამიშვილის შეფასებით, ქართული კინო „ნაცების“ ხელში იყო და „იქ ხდებოდა კატასტროფა“.

 „მე მიყვარს კინო, ქართული კინოც, რაც ქართულ კინოში ხდებოდა, იყო კატასტროფა, იყო ნაცების და უსაქმური ლაზღანდარების ხელში ძირითადად, თუმცა ძალიან მაგარი ფილმებიც იქმნებოდა. აი, ეს ხალხი კარგავს „კარმუშკას“ და გასაგებია ყველაფერი“.

გური სულთანიშვილის შეფასებით, ნაცების მიერ კინო იდეოლოგიზებული იყო და „ჩემი ცოლი დაქალებს“ უკანა კარიდან შემოჰქონდა ახალი იდეოლოგია – რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან კინოცენტრს ტელესერიალი აქამდე არასოდეს დაუფინანსებია. ეს პირველად 2023 წელს მოხდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ კინოცენტრი 3 მინისერიალის გადაღებას 3 მილიონამდე ლარით დააფინანსებდა.

„ნაცების დროს, იყო „ჩიფსების თაობა“, რომელიც ცდილობდა ახალი ცხოვრების წესის დანერგვას; „ოცნების ქალაქი“, რომელიც ასევე იყო პროპაგანდისტული ფილმი. ეს იყო გათვლილი როგორც მეინსტრიმ კინო და ჩავარდა პროექტი. ერთადერთი, რომელიც გამოვიდა, იყო „ჩემი ცოლის დაქალები“. ეს სერიალი ყველა მხრივ ცდებოდა კინოს და უკანა კარიდან შემოჰქონდა იდეოლოგია. კინო იყო ნაცების ხელში, იდეოლოგიზებული და ერთი ბაჩო ოდიშარია სადღაც თუ რაღაც… ამ კაცს, რომ კინო უყვარს…“, – თქვა სულთანიშვილმა.