ოდიშარიამ ამჯერად შეურაცხყოფა სალომე სამადაშვილს მიაყენა

პუბლიკა

უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ, რომელმაც გუშინ პლენარულ სხდომაზე ქალების მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა, დღეს კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ქალ დეპუტატებს, მათ შორის, სალომე სამადაშვილს.

ოდიშარიამ თავდაპირველად სცადა, კიდევ ერთხელ განემარტა, რომ მისი გუშინდელი გამოთქმების კონტექსტი არასწორად გავრცელდა და ამაში „მთავარი არხი“ დაადანაშაულა.

„რა არის ეს, რა სინდრომი ჰქვია, გეუბნები, რომ შენ არ მიგულისხმიხარ-თქო და მაინცდამაინც საკუთარ თავზე იღებ. გიხარია? რა ვიცი, მაზოხიზმია, პოლიტიკური დღის წესრიგია თუ რა უბედურებაა, ვერ გავიგე? გრძელდება ხო, არაფრად არ ადარდებთ, რა ითქვა თუ რა არ ითქვა, ეს არის კიდევ ერთი შანსი ფუთფუთისა და ტივტივის, პოლიტიკური დღის წესრიგის გახანგრძლივების“, – განაცხადა მან.

ამის შემდეგ ოდიშარია სალომე სამადაშვილის პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა.

„დღეს მომსახურების ზონიდან ათეული წელია გასულმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ახალი ფსკერი დაიპყრო ზოგადად, ეს რა განაცხადა? სალომე, სალამს არ აძლევ არავის 10 წელია, ბატონ რომანს მაინც მიესალმე ან გვერდზე მჯდომს მაინც მიესალმე, საით მიდიხარ, როგორ მოდიხარ, სახლში მაინც თუ იციან, აქ რომ ხარ?

თუ ვინმეს ანალიზი გაინტერესებს, წამომყევი და შენ თუ ფსიქო მოგცენ, მე ვაგებ პასუხს მაშინ და თუ შენ აქამდე ვინც ფსიქო მოგცა, იქნება სახელი და გვარი მითხრა და იმათი პასუხისმგებლობა დადგეს. როგორ შეიძლება, ამ ადამიანის საერთოდ პარლამენტში ყოფნა, ასეთი ადამიანის, რომელიც არად დაგიდევთ ადამიანის ღირსებას, ოჯახი ამან არ იცის, შვილები, მშობლები და ა.შ. ეს კი არის უსამშობლო და უცხვირპირო ადამიანი და მოქმედებს მუდმივად საქართველოს წინააღმდეგ, როგორი წარმატებული დიპლომატიც იყო, ისეთი წარმატებული პოლიტიკოსია. ერთხელაც იქნება, მარტო მე კი არ ამომივა ყელში, ჩვენ და ჩვენს ოჯახის წევრებს ამოუვა ყელში და მერე ნახავ შენ, ვინ და რისი ღირსია“, – განაცხადა ოდიშარიამ.


პარლამენტის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი მოითხოვს, რომ „ქართული ოცნების” წევრმა, ბექა ოდიშარიამ ნარკოტესტი გაიაროს. ამის შესახებ მან დღეს პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და გუშინ ოდიშარიას მიერ გაკეთებულ სექსისტურ განცხადებებს პარლამენტში ყველაზე შეურაცხმყოფელი მოვლენა უწოდა.