სამადაშვილი მოითხოვს, ოდიშარია ნარკოტესტზე შემოწმდეს

პუბლიკა

პარლამენტის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი მოითხოვს, რომ „ქართული ოცნების” წევრმა, ბექა ოდიშარიამ ნარკოტესტი გაიაროს. ამის შესახებ მან დღეს პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და გუშინ ოდიშარიას მიერ გაკეთებულ სექსისტურ განცხადებებს პარლამენტში ყველაზე შეურაცხმყოფელი მოვლენა უწოდა.

„ბექა ოდიშარია ფხიზელ მდგომარეობაში დადის პარლამენტში, თუ ნარკოტიკული ნივთიერებების და კონკრეტულად კოკაინის ზემოქმედების ქვეშ. ეს შეკითხვა მაქვს ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებით, ძალიან ლეგიტიმური შეკითხვაა, ამიტომ, რამდენიც არ უნდა იყვიროთ, მესმის, რომ ოდიშარიას იცავთ, მაგრამ გუშინ ქართველი ხალხისთვის ალბათ უფრო შეურაცხმყოფელი მოვლენა, რაც გუშინ მოხდა, არ მახსენდება, მესამე მოსმენის პარლამენტის წევრი ვარ.

ამიტომ, მოვითხოვ, რომ ოდიშარია შემოწმდეს, ნარკოლოგიური ტესტი გაიაროს. საზოგადოებამ იცოდეს – მას თანამდებობებიც უკავია. თქვენი პოლიტიკის შედეგად რომ ჩვენი ქვეყანა დაიცალა ქართველებისგან, რუსების დაკვეთით, რუსეთის დიდხნიან ოცნებას ასრულებთ. ამიტომ 250 ათასი ქართველი თქვენი პოლიტიკის შედეგად ამ ქვეყნიდან წავიდა და მათთან ურთიერთობები აქვს ჩაბარებულია ამ არსებას, რომელმაც წარმოუდგენელი რამ იკადრა”, – განაცხადა მან.

„ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მათ შეაგინა და მათი მისამართით მიზოგინიური განცხადებები გააკეთა.

გუშინ პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი. კანონპროექტი, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, „გირჩის“ ინიციირებულია და საპარლამენტო უმრავლესობა უჭერს მხარს.

განხილვა ხმაურით, „გირჩის“ და უმრავლესობის სექსისტური და მიზოგინიური განცხადებების ფონზე ჩატარდა.