გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო (UN Human Rights Council) ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშს ავრცელებს.
ანგარიშში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
- დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება; გამოიძიოს პროტესტების დროს დაფიქსირებული დარღვევები, მათ შორის მომიტინგეთა თვითნებური დაკავებები და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტება; უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო.
- გადახედოს 2025 წელს მიღებულ კანონებს (მაუწყებლობის, სისხლის სამართლის, გრანტების, შეკრებებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში), რათა ისინი შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს; საკანონმდებლო პროცესი გახადოს გამჭვირვალე.
-
გააძლიეროს ბრძოლა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ და გადახედოს 2025 წელს მიღებულ გენდერთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად.
- აღადგინოს ხელსაყრელი გარემო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის; უცხოური დაფინანსების შეზღუდვები მოიყვანოს საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში.
გაერო მწუხარებას გამოთქვამს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კვლავ არ უშვებენ და ითხოვს დაუყოვნებელ წვდომას. ჟენევის დისკუსიების ფარგლებში საჭიროდ მიიჩნევს გალის ინციდენტების პრევენციის მექანიზმის (IPRM) უპირობო აღდგენას.
ანგარიშში გაცემულია მოწოდებები რეგიონში მოქმედი ყველა აქტორისადმი:
- გაიხსნას ყველა გამშვები პუნქტი საოკუპაციო ხაზთან.
- აღმოიფხვრას გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისა და დევნილების უფლებების დარღვევები.
- გამოიძიონ სიცოცხლის ხელყოფის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, დაისაჯონ დამნაშავეები და შეწყდეს უკანონო დაკავებები.
- უზრუნველყონ ქალებისა და გოგონებისთვის სოციალურ და ჯანდაცვის (მათ შორის რეპროდუქციულ) სერვისებზე უსაფრთხო წვდომა.
- ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ხარისხიანი განათლება, მათ შორის — მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება.