ოჯახის ადვოკატის თქმით, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მწყემსმა იპოვა

პუბლიკა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ავტომანქანა, რომელშიც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იმყოფებოდა, მწყემსმა იპოვა.

„ეს ძალიან დიდი უყურადღებობაა, მწყემსი არ უნდა ნახულობდეს, იმიტომ, რომ ეს არ არის უღარანი ტყე, რომ ვერ ნახულობდნენ. მით უმეტესს მათი განცხადებების მერე, რადგან აცხადებდნენ, რომ გამოყენებული იყო აეროგადაღება“, – თქვა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, გარდაცვლილი უკანა სავარძელზე იმყოფებოდა. ოჯახის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ მათი მხრიდან ჩაერთვებიან დამოუკიდებელი ექსპერტები.

„ავტომობილში იყო ახალგაზრდა ბავშვი, უკანა სავარძელზე იყო. ავტომანქანა გაიხსნა, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, ექსპერტიზის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ყველა მოქმედებებს ახორციელებენ. რადგანაც, მე თვითონ, გიორგი შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე ექსპერტების მიმართ არ გამაჩნია სრულყოფილი ნდობა, ჩვენი მხრიდანაც ჩაერთვებიან ექსპერტები, დამოუკიდებელი ექსპერტები. რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან საქმეში. დახურული იყო მანქანა და მე პირადად მხოლოდ ზედაპირულად შევხედე, მე ვერ ვუახლოვდები, რადგან მაგის უფლება არ მაქვს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.


ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი დღეს გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა ოჯახის წევრებს მიაწოდეს.

თამარ ბაჩილიაშვილს შესაბამისი უწყებები ოთხი დღე ეძებდნენ. ის ქვემო ფონიჭალიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს გავიდა და კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა.

გუშინ თამარ ბაჩილიაშვილის ოჯახის წევრებმა ქვემო ფონიჭალის დასახლებაში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. დაკარგული გოგოს დედა საგამოძიებო უწყებებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.