თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა სამანქანო გზიდან დაახლოებით 100 მეტრში, ტყეში იპოვეს

პუბლიკა

დღეს სამართალდამცველებმა, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, მანქანა, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, ტყეში დგას, სამანქანო გზიდან რამდენიმე მეტრში. ადგილზე მყოფმა ჟურნალისტმა „პუბლიკას“ განუცხადა, რომ მანქანა გზიდან დაახლოებით 100 მეტრში დგას.

თამარ ბაჩალიაშვილის პოვნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ამ დრომდე უცნობია, რა მდგომარეობაში იპოვეს გარდაცვლილი, აღენიშნება თუ არა მას დაზიანებები. ასევე უცნობია, ტარდებოდა თუ არა გასულ დღეებში კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები. ადგილზე იმყოფება გარდაცვლილის მამა. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მანქანა ტყეში მწყემსმა აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე დღეს, მისი პოვნის შემდეგ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

აღნიშნული საქმის გარემოებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად „პუბლიკა“ შს სამინისტროს დაუკავშირდა. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

თამარ ბაჩილიაშვილი 5 დღის წინ გაუჩინარდა. შესაბამისი უწყებები მას 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის ქვემო ფონიჭალიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს გავიდა და კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა.

გუშინ თამარ ბაჩილიაშვილის ოჯახის წევრებმა ქვემო ფონიჭალის დასახლებაში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. დაკარგული გოგოს დედა საგამოძიებო უწყებებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.