„გიორგი ოკმელაშვილის ადმინისტრაციული სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო.
დაცვის მხარის მიერ სადავოდაა გამხდარი გიორგი ოკმელაშვილის მიმართ საშიშროების რისკის ხელოვნურად, უსაფუძვლოდ დამძიმების შესახებ პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის ადვოკატი, კობა ბარამია წერს.
ადვოკატის განმარტებით, გიორგი ოკმელაშვილს, პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, საწყის ეტაპზე საშიშროების „საშუალო“ ხარისხის რისკი და ნახევრად-ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის მიზნით განთავსება განესაზღვრა.
„მოგვიანებით, ერთი თვის თავზე, პენიტენციურმა სამსახურმა კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გიორგი ოკმელაშვილს დაუმძიმა რისკის ხარისხი და განუსაზღვრა საშიშროების „მომეტებული“ რისკი. შედეგად, გიორგი ოკმელაშვილი მოათავსეს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (ერთ ოთახში)“, – წერს ბარამია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ოკმელაშვილი მაისში პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დააკავეს – სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის საფუძველზე.
ბრალდების მხარის პოზიციით, 13 მაისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
ოკმელაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
ოკმელაშვილი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო.