400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული 2 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

პუბლიკა

რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე პოლიციის ჯებირის დაზიანებისთვის დაჭერილი საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი საპატიმროში რჩებიან – დაცვის მხარის შუამდგომლობა, ახალგაზრდებისთვის პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ, მოსამართლემ, ნათია გუდაძემ არ გაითვალისწინა.

23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ-ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი (ნივთის დაზიანება ჯგუფურად).

ეს ნაწილი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„2024 წლის 14 მაისს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დროს საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, ლითონის ძალაყინის გამოყენებით დააზიანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ლითონის კონსტრუქციის ბარიერი, რამაც გამოიწვია 400 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“, – ვკითხულობთ ბრალის შესახებ დადგენილებაში.

ადვოკატ თათია კონიაშვილის განმარტებით, ორივე მათგანის ბრალდების ოქმში პირდაპირ წერია, რომ ფაქტობრივი ზიანი იყო 250 ლარი, ხოლო 150 ლარი არის ხელობის. ,,პუბლიკის“ მიერ პროკურატურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე სისხლის სამართლის წესით 10 პირი დააკავეს.