ოკუპანტების მიერ 3 გატაცებულიდან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია

პუბლიკა

დღეს საოკუპაციო ძალებმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – როგორც ადგილობრივები მედიასთან აცხადებენ, ერთ-ერთი გატაცებული, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები ოკუპანტებმა ოკუპირებული სოფლების, ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებული ტერიტორიიდან დღეს გაიტაცეს.

„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი”. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,” – ნათქვამია განცხადებაში.