ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. არჩევნების შედეგები დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ გოგიამ გამოაცხადა.
საბოლოოდ ხმები ასე გადანაწილდა:
ასლან ბჟანია – 56.5%
ადგურ არძინბა – 35.42%
ლეონიდ ძაპშპა – 2.22%
არჩევნები კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად გაიმართა, რადგან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება აცხადებს, რომ მათთან ვირუსის შემთხვევები არ გამოვლენილა. არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო – საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 18:00 საათისთვის ხმა ამომრჩეველთა 58%-ს ჰქონდა მიცემული, უბნები კი 20:00 საათისთვის დაიხურა.
ასლან ბჟანიას მთავარმა კონკურნეტმა ადგურ არძინბამ არჩევნებში გამარჯვება გუშინვე, წინასწარი მონაცემების გაგებისთანავე მიულოცა. დღეს ოპოზიციონერ კანდიდატს გამარჯვება მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც.
ასლან ბჟანია რამდენიმე კვირის წინ რუსეთში ცუდად გახდა და საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს. მისი მხარდამჭერები შიშობდნენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი შესაძლოა, მოწამლული ყოფილიყო, თუმცა რუსმა ექიმებმა შემდეგ ეს დიაგნოზი არ დასვეს.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებსა და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოჰყვა.
ოპოზიციის მხარდამჭერები შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციებთან ერთად ოპოზიციამ არჩევნების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელიც შეიტანა, რომელიც საბოლოოდ ე.წ. უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა, ანულირება გაუკეთა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკანონოდ ცნო.
ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ არჩევნებს გუშინ ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ აშშ და ევროპის ქვეყნები, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, განაცხადეს, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და რუსეთს მოუწოდეს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.