ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანებული დელეგაცია ჩავიდა

პუბლიკა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას შემდეგ ბელარუსისა და რუსეთის სამოკავშირეო საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ჩავიდა. ადგილობრივი, აფხაზური მედიის ინფორმაციით, დელეგაციას დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ და დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ, ლაშა აშუბამ უმასპინძლეს.

ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მათი ურთიერთობების გაღრმავება ყველა დონეზე, იქნება ეს აღმასრულებელი ხელისუფლება, მუნიციპალური თუ საკანონმდებლო. მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრები აფხაზი, რუსი და ბელარუსი ხალხის დამეგობრებასაც შეუწყობს ხელს.

საპარლამენტო ასამბლეაში ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის ხელმძღვანელმა, ასევე რუსეთის დუმაში დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, არტიომ ტუროვმა განაცხადა, რომ მათ განიხილეს საკითხები, რომლებიც რუსეთის, ბელარუსისა და აფხაზეთის ინტერესებს შეესაბამება.

„საჭიროა, რომ აქტიურად გავაღრმავოთ კავშირები ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში და მე დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ, ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნების საზოგადოებების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ჩვენი ხალხები უკვე ასობით წელია, ერთმანეთთან ახლოს არიან. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები, კულტურა და რწმენა“, – განაცხადა ტუროვმა.

ასლან ბჟანიამ ასევე ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ბელარუსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და იმედი გამოთქვა, რომ ამ მხრივ მეტი ნაბიჯი გადაიდგმება.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ-ბელარუსული დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურნენ თბილისშიც. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვიზიტი შემაშფოთებელია, თუმცა საჭიროა „პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა“.

„ჩვენ ძალიან ნათელი მიზანი და ამოცანა გვაქვს, ეს არის ის, რომ შევინარჩუნოთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკა. შესაბამისად, ნებისმიერი რეაგირება განხორციელდება სწორედ ამ მიზნის ჭრილში. ვიზიტი შემაშფოთებელია, თუმცა პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს, რომ წარმატებული არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.