ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნებს გმობს ლატვიაც

პუბლიკა

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმიანება ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

„ლატვია გმობს 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთში, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ლატვია არ ცნობს არც არჩევნების ლეგიტიმურობას და არც მის შედეგებს. ლატვია იმეორებს საკუთარ ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ლატვია მოუწოდებს რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუს და სირიას, რომ გაიწვიონ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „სახელმწიფოებრიობის” აღიარება. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს ამ რეგიონების ოკუპაცია და შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც აღნიშნულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში”, – წერია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ეგრეთწოდებული საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ოფიციალური თბილისი ე.წ. არჩევნებს გმობს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.