ოკუპირებულ გალში, სავარაუდოდ, აფხაზეთის დროშის დაწვის გამო მოქალაქე დააკავეს

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთის გალის მუნიციპალიტეტში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა დააკავეს. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას აფხაზეთის დროშის დაწვას ედავებიან.

ირაკლი ბებუა ვიდეოში ამბობს, რომ დროშა შეგნებულად დაწვა, თუმცა თავად არც აფხაზური დროშის საწინააღმდეგო აქვს რამე და არც აფხაზების, მისი თქმით, მას არ მოსწონს 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღის აფხაზეთში ზეიმით აღნიშვნა და „ქართველებისა და აფხაზების ძმურად ყოფნა სურს“.

მოქალაქის დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ირაკლი ბებუა 30 სექტემბერს დააკავეს, აფხაზეთიდან მიღებული ცნობით, ის გალშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სუს-ის განცხადებით, მათ უკანონო დაკავების ფაქტზე ინფორმაცია აცნობის ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორებს, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ადამიანების უკანონო დაკავების ფაქტებზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. საოკუპაციო რეჟიმის მიერ მართული აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება“, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.