ოკუპირებულ სოხუმში ოპოზიციის მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობენ

პუბლიკა

ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სოხუმში შეკრებილი მოქალაქეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრასაც ცდილობენ. იყო დაპირისპირება სამართალდამცველებთანაც. ოპოზიცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს.

დღეს აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატის, ალხაზ კვიცინიას საჩივრის განხილვა დაიწყო. კვიცინია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გაუქმებას მოითხოვს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სექტემბერში გაიმართა და მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციონერი კანდიდატი მცირედი უპირატესობით დაამარცხა. ხაჯიმბამ ხმების 47.39% მიიღო, კვიცინიამ კი – 46.17%, თუმცა ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.