ოკუპირებული ცხინვალი ახალგორის რაიონის ერთ-ერთ ე.წ. გამშვებ პუნქტს პაციენტების ნაწილისთვის ხსნის

პუბლიკა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორის რაიონიდან პაციენტების ნაწილს გზას გაუხსნის. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცხინვალში „უშიშროების საბჭოს“ სხდომაზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

ოსური საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ცხინვალი გახსნის „რაზდახანის“ (სოფელ მოსაბრუნის) გამშვებ პუნქტს ახალგორის რაიონის მცხოვრებთა ნაწილისთვის. მათთვის, ვისაც „არც რუსეთის და არც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა არ აქვს“ და ესაჭიროება გადაუდებელი ან მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება, რისი საშუალებაც ოკუპირებულ რეგიონში არ აქვთ.

„უშიშროების საბჭოს“ სხდომაზე ახალგორის მოქალაქეობის არმქონე მკვიდრთათვის საპენსიო პირობების განსაზღვრაზეც შეთანხმდნენ, თუ ისინი მოქალაქეობას არ მიიღებენ და არ ჩაერთვებიან ოკუპირებული რეგიონის საპენსიო ფონდში.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონმა ახალგორის რაიონში მიმოსვლა 4 სექტემბრიდან აკრძალა. ამის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა  ე.წ. საზღვარზე არ გაატარეს ახალგორის რაიონის მცხოვრები მარგო მარტიაშვილი, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. მატიაშვილი შემდეგ ცხინვალში გადაიყვანეს, მაგრამ, სავარაუდოდ, დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გამო, 28 ოქტომბერს გარდაიცვალა.